მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„$150 მლნ-ის ინვესტიცია ჩავდეთ“ - კიდევ რამდენის დახარჯვას აპირებს „კარფური“ საქართველოში

60b3a180283e0
თელარა გელანტია
31.05.21 00:00
3368
კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ („კარფური“) გენერალური დირექტორის კრისტოფ ორსეს განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე „კარფურმა“ საქართველოში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ამის შესახებ მან „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ მათ გეგმებში გაფართოება და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების ჩადება შედის.

„ვაპირებთ კიდევ 120 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში. 2500 თანამშრომელი გვყავს. ვგეგმავთ კიდევ 1200 თანამშრომლის აყვანას მომდევნო 2-3 წლიან პერიოდში, რათა გაფართოების გეგმა შევასრულოთ. ეს ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს - მომწოდებლისთვის, ფერმერისთვის, სოფლის მეურნეობისთვის. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს - წელიწადნახევრის წინ გავხსენით სწავლისა და განვითარების ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია Tbilisi Mall-ში. ასე რომ, გვაქვს კარგი ინსტრუმენტი, სასწავლო ცენტრი, სადაც ვასწავლით მომავალ და ამჟამინდელ თანამშრომლებს. გარკვეული პოზიციის თანამშრომლებისთვის გარე ტრენინგებს ატარებენ საზღვარგარეთის ყველაზე წარმატებული საკონსულტაციო კომპანიები. ეს ყოველივე საჭიროა, რათა მოვახერხოთ გავუთანაბრდეთ საცალო ვაჭრობის ბიზნესის ევოლუციას, ვიყოთ უფრო მზად გაციფრულებისათვის და ბიზნესის კეთების ახალი გზებისთვის“, - განაცხადა ორსემ.

ამასთან, ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს „კარფური“ საქართველოში 45 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მაშინ როცა, ქვეყანაში სულ საცალო ვაჭრობის 1500 მაღაზიაა.

„საქართველოში, თანამედროვე ვაჭრობა მთლიანი საცალო ვაჭრობის 40%-ია. ჩვენი წილი 20%-ზე ოდნავ ნაკლებია. მთლიანობაში, ვფიქრობ, ჩვენ წარმოვადგენთ მთლიანი საცალო ვაჭრობის ალბათ 6%-ს. ასე რომ, როგორც ხედავთ, ჩვენ არ ვართ დომინანტები. მომწოდებლებს, მწარმოებლებს და მომხმარებელსაც ნამდვილად აქვთ არჩევანი. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, კარფური გააგრძელებს სწრაფ გაფართოებას ქვეყანაში ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით, რითიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ხელს შეუწყობს მზარდი შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისათვის, შესთავაზებს ახალ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოსახლეობას და კვლავ გააგრძლებს თითოეული მომხმარებლის მსყიდველობითი შესაძლებლობების დაცვას“, - აცხადებს „კარფურის“ გენერალური დირექტორი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები