მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

16 ივლისიდან ჭარბი მედიკამენტების დანიშვნისთვის ექიმის პასუხისმგებლობა დადგება

5b44500b3bceb
თათია ჩაფიჩაძე
10.07.18 10:16
1102
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ. ექიმის დანიშნულებას, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია შეამოწმებს. წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში კი სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

„იმ შემთხვევაში თუ ორი ან მეტი ანტიბიოტიკია დანიშნული, თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედების მედიკამენტია, ან ერთიდაიგივე მოქმედების, მაგრამ სხვადასხვა სავაჭრო ნიშნის წამალია გამოწერილი, მოხდება ჩვენი მხრიდან რეაგირება. თუმცა განვმარტავ, რომ ჩვენ რეცეპტს თავიდან არ ვწერთ, ეს ექიმის პრეროგატივაა. ჩვენ მივუთითებთ, დანიშნულება საჭიროებს თუ არა გადახედვას და ვუბრუნებთ მის გამომგზავნს. ამის შემდეგ მას შეუძლია მიმართოს ექიმს და სთხოვოს გადახედვა. ექიმმა შეიძლება გადახედვისას დაასაბუთოს ის ნიუანსი, რატომაც იყო საჭირო ამა თუ იმ პრეპარატის გამოწერა. თუ ეს არ მოხდა, პაციენტს კვლავ ეძლევა განმეორებით ჩვენთან შემოწმების საშუალება და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მივმართავთ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს და ვითხოვთ დასაბუთებას.

შემდგომში პროფესიული განვითარების საბჭოსთან არსებობს პოლიპრაგმაზიის განმხილველი საკორდინაციო ჯგუფი, რომელიც სამედიცინო დაწესებულების ტოპ მენეჯმენტისა და კვალიფიციური თანამშრომლებისგან შედგება და ყოველი არაორდინალური შემთხვევები ექიმის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, დამატებით მათ მიერ განიხილება. წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმისგან თუ მრავალჯერ, მაგალითად შვიდჯერ იქნა ასეთი არასწორი დანიშნულება გაცემული, ჯგუფი იმსჯელებს მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით",- განაცხადა „საქმიანი დილის" ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები