დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, არასრულწლოვნებში სიგარეტის მოხმარებას კლებადი ტენდენცია აქვს. აღნიშნულ კვლევას ESPAD-ი ეწოდება და ის ყოველ 4 წელში ერთხელ ტარდება.
ამავე ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ 2015 წელთან შედარებით 16 წლის იმ მოზარდების რაოდენობა ვინც 30 დღეში ერთხელ მაინც მოიხმარდა სიგარეტს შემცირებულია, 2019 წლის კვლევასთან მიმართებით ზრდა ფიქსირდება, რადგანაც მაშინ გამოკითხულთა 12% აცხადებდა, რომ 30 დღეში ერთხელ მაინც ჰქონდა სიგარეტი მოხმარებული.
სანაცვლოდ მზარდია იმ მოზარდების რიცხვი, რომლებიც ელექტროსიგარეტებს მოიხმარენ. თუკი 2015 წლის კვლევაში 16 წლის მოზარდთა 9% აცხადებდა, რომ ბოლო 30 დღეში ერთხელ მაინც ჰქონდათ ელ. სიგარეტი მოწეული, 2019 წლის კვლევაში ის 7% იყო, 2024 წლის კვლევაში კი 19%-მდე გაიზარდა. შესაბამისად დღეს 16 წლის მოზარდებში სიგარეტზე უფრო ფართოდ ელ. სიგარეტი არის გავრცელებული.
რაც შეეხება ნიკოტინის მიღების კიდევ ერთ საშუალება, გასახურებელ თამბაქოს, ბოლო 30 დღეში მისი ერთხელ მაინც მოხმარების შესახებ 16 წლის მოზარდების 4%-მა განაცხადა დადებითი პასუხი, მაშინ როდესაც 2019 წელს ის 3%-ს შეადგენდა.
შესაბამისად, არსებული მდგომარეობით ახალი თაობის ნიკოტინის მოხმარებაში პირველ ადგილს ელექტროსიგარეტები იკავებენ.
რაც შეეხება გენდერულ პარამეტრებს, ბიჭების 19% აცხადებს, რომ ბოლო 30 დღეში ერთხელ მაინც მოიხმარა სიგარეტი, ხოლო გოგოებში ის 10%-ს შეადგენს.
NCDC-ის თანახმად, აღნიშნულ კვლევაში სულ 2,400 16 წლის მოზარდი მონაწილეობდა და ის გაზაფხულზე ჩატარდა.