მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1.7 გიგავატის ენერგოპროექტების განხილვა შეჩერებულია - რა უნდა იყოს გაფილტვრის კრიტერიუმი|ნარმანიას პასუხი

დავით ნარმანია

რა კრიტერიუმებით უნდა გაიფილტროს 1.7 გიგავატის ენერგოპროექტების განაცხადები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია წარდგენილი, მაგრამ განხილვები შეჩერებულია? - ეს კითხვა BMG-მ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას დაუსვა.

საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის გადაწყეტილებით, შეწყდა ათობით ჰესის პროექტის განხილვა, რომლებზეც ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმები არ იყო გაფორმებული. ჯამში, საუბარია 1.7 გიგავატის პროექტებზე, რაც პრემიერის 13 ოქტომბრის განკარგულებაში გაიწერა.

სემეკის თავმჯდომარემ BMG-ის კითხვის პასუხად, სამი მთავარი კრიტერიუმი გამოყო, რომლის საფუძველზეც, მისი აზრით, მარიამ ქვრივიშვილის უწყებამ 1.7 გიგავატის ენერგოპროექტების განაცხადები უნდა გადაარჩიოს.

"უმთავრესი კრიტერიუმია პროექტის სიცოცხლისუნარიანობა - ამაში იგულისხმება სამი მთავარი რამ: პირველი - ელექტროგადამცემ ქსელთან ინტეგრაციის ტექნიკური შესაძლებლობა; მეორე - მომზადებული უნდა იყოს კონკრეტული პროექტი და მესამე - ფინანსური გარანტიები ანუ როცა ინვესტორს შეუძლია, ეკონომიკის სამინისტროში კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი ფინანსური გარანტია მიიტანოს. ეს სამი მოცემულობა უზრუნველყოფს და ცხადყოფს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ესა თუ ის პროექტი და დაინტერესებულ ინვესტორს რამდენად აქვს მისი განხორციელების შესაძლებლობა. ასეთი პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

[რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას,] როგორც წესი, სურვილი უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე რეალურად გაკეთების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სურვილები დროთა განმავლობაში დაიწურება და რეალურ პროექტებამდე დადის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს ასე იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ: 1.7 გიგავატის ენერგოპროექტები ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში და მათ განხილვებში მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ამჟამად კორუფციის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. გაუქმდა 1.7 გიგავატის პროექტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები