მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

ქეთი ქვარცხავა

"არ შეიძლება, $1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავა ცოტა იყოს იმ ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 38 მილიარდი დოლარია", - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ განაცხადა. ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟებში მიმდინარე საინვესტიციო დავების მიზეზები და ბიზნესკლიმატზე გავლენა იყო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა. საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.

ქეთი ქვარცხავამ კონკრეტულად ENKA-ს საარბიტრაჟო დავაზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგადად, სახელმწიფომ აქცენტი რეალისტური დაპირებების გაცემაზე, ინვესტორთან დაბალანსებული ხელშეკრულებების დადებასა და მათ ჯეროვან შესრულებაზე უნდა გააკეთოს. მისი შეფასებით, პრობლემის სათავე ხშირად ცალმხრივად შედგენილ შეთანხმებებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაშვებულ შეცდომებშია.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით, წარმოებაშია 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ. თქვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს თანხა ბევრია თუ ცოტა და ზოგადად, როგორ შეიძლება შეფასდეს?

- რა თქმა უნდა, $1.7 მილიარდი ცოტა არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიც, დაახლოებით, 38 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, ეს თანხა ნამდვილად არ არის მცირე ჩვენი ზომის ქვეყნისთვის. როდესაც დავა არსებობს, ყოველთვის დგას მისი წაგების რისკიც. შესაბამისად, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები იზომება, ეს რისკიც მიიღება მხედველობაში, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. შესაძლოა, გარკვეული დავების თავიდან აცილება შესაძლებელი ყოფილიყო, ზოგ დავას კი, ალბათ, ვერც ავიცილებდით. ცხადია, ყველა დავა საქართველოს საზიანოდ არ გადაწყდება - პრაქტიკულად შეუძლებელია, ყველა საქმე წააგო; თუმცა ალბათ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ იდება ხელშეკრულებები. ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორც - ხელშეკრულების დადების პროცესს, ისე სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მის შესრულებისას. სიფრთხილე იმას არ ნიშნავს, რომ ხელი შევუშალოთ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას - პირიქით, ჩვენი მიზანი სწორედ ინვესტიციების მოზიდვაა. უბრალოდ, ამ პროცესში რეალისტური დაპირებები უნდა გავცეთ და ჩვენ თვითონვე ვიყოთ მეტად მოტივირებულნი, რომ ეს ხელშეკრულებები შესრულდეს. რაც შეეხება დავების წარმოშობას - დავის დაწყებას წინ ვერავინ დაუდგება: თუ მხარეს გასაჩივრება სურს, სახელმწიფო ამ უფლებას ვერ შეზღუდავს, ეს მისი ნებაა.

- ალბათ ინვესტორებსაც არ უხარიათ საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლა…

- დავის დაწყება ნამდვილად არავის უხარია. ყოველთვის არსებობს რისკი და ძალიან დიდი ხარჯი. საარბიტრაჟო დავა საკმაოდ „ძვირად ღირებული სიამოვნებაა“ ორივე მხარისთვის - როგორც კერძო ინვესტორისთვის, ისე - სახელმწიფოსთვის, რადგან ორივე იძულებულია, ძალიან მაღალი დონის, კვალიფიციური იურიდიული მომსახურება შეისყიდოს. ამასთან, პროცესს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მით უმეტეს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში, სადაც სახელმწიფოა ჩართული. შესაბამისად, ეს საკითხი სწორედ იმ კონტექსტშია გადასაწყვეტი, რომ ხელშეკრულების დადების პროცესშიც და შესრულებისასაც ვიყოთ ყურადღებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: სიფრთხილემ ხელი არ უნდა შეუშალოს ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა მოლაპარაკებებისას უნდა გავცეთ რეალისტური დაპირებები და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

- საინტერესო იქნებოდა სიღრმისეული ანალიზი ან კვლევა: მიმდინარე თუ უკვე დასრულებული დავების შემთხვევაში, რა იყო მთავარი პრობლემა - ხელშეკრულებები არ იდებოდა სწორად და სახელმწიფოს არ ჰყავდა კვალიფიციური იურისტები, თუ ინვესტორებთან ურთიერთობაში იმდენი შეცდომა დავუშვით, რომ ვერცერთი რეპუტაციული იურისტის მომსახურება ვერ გადაგვარჩენდა?

- მიზეზები ინდივიდუალურია და მათ განზოგადებას ვერ მოვახდენთ. ხელშეკრულების შეუსრულებლობაც და დავის წარმოშობაც პრაქტიკაში ყოველთვის ხდება. მთავარია, ხელშეკრულების დადებისას მაქსიმალურად განვჭვრიტოთ ის გარემოებები, რაც შეიძლება მომავალში დადგეს. ჩვეულებრივი ბიზნეს-გარემოებების გარდა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მოლაპარაკებების ეტაპზევე უნდა გავითვალისწინოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგს მიაჩნია, რომ კარგი ე.წ. „სახელშეკრულებო ტექნიკა“ ნიშნავს სათავისო, ური ხელშეკრულების დადებას. ეს მცდარი მიდგომაა. კარგია ისეთი ხელშეკრულება, რომელიც შესრულდება! ნებისმიერი ცალმხრივი ხელშეკრულება ცუდია, რადგან ის შედეგზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ დავაზე. დავა კი, როგორც წესი, მხარეთა პირველად ინტერესებში საერთოდ არ შედის. ხელშეკრულება უნდა იყოს ორივე მხარისთვის მისაღები, საინტერესო და, რაც მთავარია, შესრულებადი. ასეთ შემთხვევაში ის შესრულდება, სხვა შემთხვევაში - დავა გარდაუვალია.

- ფაქტია, რომ “inter rao”-სთან საარბიტრაჟო დავისას წაგებული 111 მლნ დოლარი თუ ENKA-სთან წაგებული 400 მლნ დოლარი საქართველოს მოქალაქეების გადასახდელია - თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, მაგრამ არსებობს თუ არა მექანიზმი, რომლითაც კონკრეტული თანამდებობის პირები, ჩინოვნიკებიც აგებენ პასუხს - ისინი, რომელთა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დააზარალა?

- თავისთავად, ცუდი საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს. კანონმდებლობა საკმაოდ კარგად ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, ბალანსს, ასევე განზრახვასა თუ გაუფრთხილებლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მაგალითად, ბიზნესში, როდესაც ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს, მოქმედებს ე.წ. Business Judgment Rule (ბიზნესგადაწყვეტილების მიღების წესი). ანუ მმართველს არ უნდა მოსთხოვო პასუხი ისე, რომ დააშინო და გადაწყვეტილების მიღების შიში გაუჩინო. სახელმწიფო მოხელეც არ უნდა იყოს იმ დონეზე შეშინებული, რომ საერთოდ არაფერს მოაწეროს ხელი და პროცესები გაჩერდეს. მეორე მხრივ, თუ გადაწყვეტილება არასწორად, გააზრებულად და განზრახ არის მიღებული ანუ როცა ადამიანმა კარგად იცოდა, რომ ცუდი შედეგი მოჰყვებოდა და უხეში დაუდევრობით, უდიერად მოეკიდა თავის ვალდებულებას - ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და ეს კანონში ახლაც წერია. [ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის) პირველი პუნქტის თანახმად, "თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

- პრაქტიკაში იყენებენ ამ მუხლს?

- იცით, როგორ არის?! პრინციპში, როდესაც კონკრეტული ადამიანი არ მოსწონთ, მაშინ ახსენდებათ ხოლმე, თუმცა ეს ზოგადი და უნივერსალური წესი უნდა იყოს: როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, დეტალურად უნდა იყოს გამოკვლეული, თუ რა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან და თუ ის არასწორი იყო, შესაბამისი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს.

საარბიტრაჟო დავები და სამოქალაქო კოდექსის მუხლი #1005 ანუ როგორ უნდა ვაგებინოთ პასუხი ჩინოვნიკებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები