ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე ანალიზს მოამზადებენ და 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით ღია განხილვას მოაწყობენ. ამის შესახებ ილიაუნის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია 1 წელიწადში მონიტორინგის პირობით მიენიჭა, გაასაჩივრებენ, ვინაიდან საბჭომ უხეშად დაარღვია საკუთარი უფლებამოსილება.
"გუშინ გვიან საღამოს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომლის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია სრულიად ბუნდოვანი, ავტორიზაციის დებულებასთან აცდენილი ჩანაწერით. ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად.
აშკარაა, რომ ილიას უნივერსიტეტთან მიმართებით ავტორიზაციის საბჭომ უხეშად დაარღვია საკუთარი უფლებამოსილება და ამით არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც დიდი ზიანი მიაყენა.
ილიას უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უახლოეს ხანში მოამზადებენ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ანალიზს და ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით მოაწყობენ ღია განხილვას.ილიაუნი დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას; ამასთანავე, გამოიყენებს აპელაციის ყველა იმ მექანიზმს, რომლებიც განსაზღვრულია საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ასოციაციების სტანდარტებით",- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტმა ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რომელმაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეფასება 2024 წლის ივნისში გააკეთა. თუმცა, 26 სექტემბერს ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა 6-წლიანი ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.