გლობალური ფინანსური გამოცემის Global Finance-ის წლევანდელი დაჯილდოების სეზონი დასასრულს უახლოვდება, და შედეგების მიხედვით, საქართველოს ბანკმა 2025 წელსაც ერთდროულად რამდენიმე პრესტიჟული ტიტული მოიპოვა.
ბანკმა ციფრული ბანკინგის მიმართულებით ექვსი ჯილდო მიიღო. მათ შორის, ორი რეგიონული და ორი გლობალური ქვეკატეგორია სამომხმარებლო და კორპორაციულ სეგმენტებში. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია. წელს, ბანკმა ჯამში 10 საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის ინოვაციურ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი BMGtv-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" აღნიშნავს, რომ ბანკის მიღწევა დიდი აღიარებაა, რადგან კონკურსში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ბანკი მონაწილეობდა. მისი თქმით, ფინტექები და ნეობანკებიც უკვე აქტიურად მონაწილეობენ კონკურსში, რაც ბანკის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
"ეს საკმაოდ დიდი აღიარება არის, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოდან თითქმის ყველა ბანკი იღებს მონაწილეობას და წელს განსაკუთრებული განსხვავება რაც იყო, არის, რომ უკვე ფინტექები და ნეობანკებიც იღებენ მონაწილეობას, როგორიც არის ვთქვათ Revolut-ი, Wise-ი და ასე შემდეგ. საქართველოს ბანკი უკვე ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, რაც ძალიან დიდი აღიარებაა და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივულოცო საქართველოს ბანკის დიდ გუნდს ეს აღიარება და ამავდროულად მინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან აქვთ ნდობა ჩვენდამი, იყენებენ ჩვენს სერვისებს და რეალურად, მათი უკუკავშირის საფუძველზე ერთად ვქმნით მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკს", - აღნიშნა ვახტანგიშვილმა.
მისივე თქმით, დაჯილდოების პროცესი მრავალეტაპიანია. ჯერ ეროვნული და რეგიონული გამარჯვებულები სახელდება, შემდეგ კი გლობალური ტიტულები.
"რეალურად რამდენიმე ეტაპიანია ეს დაჯილდოება. პირველი ეტაპი, ეს არის ქვეყნის და რეგიონალური მასშტაბით გამოვლენა. არის სხვადასხვა კატეგორია, როგორც სამომხმარებლო მიმართულებით, ასევე კორპორატიული მიმართულებით. პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა მოიპოვა 34 ჯილდო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და შემდეგ უკვე იყო მეორე ეტაპი, როდესაც თითოეული ამ კატეგორიის მიხედვით ხდება მსოფლიოში, გლობალურად საუკეთესო ციფრული ბანკების გამოვლენა. ეს იყო უკვე მთავარი დასკვნითი ცერემონია, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ და ისევ საქართველოში დარჩა ეს ტიტული.
Infosys-ი არის გლობალური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც არის ჟიურის წევრი და ისინი აფასებენ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, თუ რომელი ბანკი არის საუკეთესო ტრანსფორმაციაში, ინოვაციაში, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას აწვდის და ასე შემდეგ. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ შეჯამებული პოზიცია იყო, რომ საქართველოს ბანკი გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი", - განაცხადა მან.
ვახტანგიშვილმა აღნიშნა, რომ ჟიურიმ განსაკუთრებით დააფასა ბანკის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციები და მომხმარებელთა გამოცდილება.
"ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა წარდგენილი. მათ შორის სამომხმარებლო გამოცდილების ნაწილში, თუ როგორ შეუძლია, მომხმარებელს გამოიყენოს სხვადასხვა ტრანზაქციული თუ სხვა საფინანსო პროდუქტები. ასევე, ის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელსაც ჩვენ საფინანსო ნაწილის მიღმა ვაწვდით მომხმარებლებს. ასეთია მაგალითად, სასაჩუქრე ბარათები, მყისიერი გადარიცხვები 24/7-ზე. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, რომ ქვეყნის გარეთაც გადარიცხონ ბარათიდან ბარათზე მყისიერად. დაკრედიტების ნაწილი, პროდუქტების აქტივაციის ნაწილი, ეს არის ბევრი ის პარამეტრი, რომლის მიხედვითაც Infosys-ი აფასებდა, თუ რომელი ბანკი შეიძლება იყოს საუკეთესო თითოეულ კატეგორიაში.
დღეს, საქართველოს ბანკს უკვე 1,750,000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს ყოველთვიურად და ამის ნახევარი ყოველდღიურად იყენებს ჩვენს სერვისებს. დაახლოებით 70%-ზე მეტი საბანკო პროდუქტი, ციფრულად გაიცემა უკვე, რომელშიც ასევე გავიმარჯვეთ და დაკრედიტების მიმართულებით, სადაც ასევე ჯილდო მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანი მიღწევები რაც გვქონდა ამ კუთხით, არის ის, რომ დაახლოებით 85%-ზე მეტი სამომხმარებლო სესხი დღეს ციფრულად გაიცემა ადამიანის ჩარევის გარეშე", - თქვა ვახტანგიშვილმა "ბიზნესის კვირეულში".
ცნობისთვის, საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი გლობალური ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut, BBVA და სხვები.
ციფრული მიმართულება, როგორც აღმოჩნდა, ბანკის მიღწევების ერთადერთი არეალი არ ყოფილა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კატეგორიაშიც საქართველოს ბანკმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნული ნომინაცია წელს პირველად დაწესდა და მიზნად ისახავს ფინანსურ სექტორში AI-ის როლის აღიარებას.
ამავე კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკად დასახელდა სინგაპურის განვითარების ბანკი (DBS) 1968 წელს დაფუძნებული ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მისიაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის მხარდაჭერა იყო.




























