მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"18%-იანი დღგ ინვესტორს მოტივაციას უკარგავს" - გოჩა ჩხაიძე სარესტორნო ბიზნესის ბარიერებზე

გოჩა ჩხაიძე

რესტორნების სექტორის განვითარებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთის გადახედვა აუცილებელია - ამის შესახებ „ასკანელის“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, მოქმედი 18%-იანი განაკვეთი სექტორზე მძიმე ფინანსურ დატვირთვას ქმნის და ინვესტირების მოტივაციას ამცირებს.

ჩხაიძის თქმით, ბიზნესისთვის დღგ-ის ტვირთი ყველა მიმართულებით იგრძნობა, როგორც პროდუქციის შეძენისას, ისე ოპერაციულ ხარჯებში.

„პროდუქტები, ასევე ნებისმიერი რამ, რასაც ყიდულობ, ელექტროენერგია, იჯარა ეს ყველაფერი დღგ-ით არის დატვირთული და სახელმწიფოში მიდის, მაგრამ როდესაც შენ იმ გარკვეულ თვითღირებულებას ამატებ, რამაც ხარჯები უნდა გაგისტუმროს, იქ იქმნება ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ბრუნვიდან 18%, როდესაც მიაქვს სახელმწიფოს, ძალიან დიდი თანხა გამოდის“, - ამბობს ჩხაიძე.

მისივე შეფასებით, რესტორნების ინდუსტრია საქართველოში დასაქმების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და ამ სექტორის მხარდაჭერა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

"ამ ინდუსტრიაში მუშაობს უამრავი ხალხი, სადღაც 30 000 მიმტანი და 20 000 მზარეული. ჰორეკა სექტორი დასაქმებულების უზარმაზარ რაოდენობას ინახავს. იმისათვის, რომ განვითარდეს ეს სფერო და ინვესტორმა მოტივაცია იპოვოს, საჭიროა ამ საკითხების გადახედვა. გაცილებით უფრო მოგებულები დავრჩებით, იმიტომ, რომ ტურისტს რა უნდა? ჩვენი სტუმართმოყვარეობა. ბუნება კი, მაგრამ საკვები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა“, - აცხადებს ის.

ჩხაიძის შეფასებით, მაღალი ხარჯები სექტორს ხარისხიანი და სპეციალიზებული რესტორნების განვითარებას უზღუდავს.

„არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში კარგი სტეიკჰაუსები, კარგი თევზის რესტორნები, კარგი ჩინური ან აზიური სამზარეულოები. ის ყველაფერი, რაც არის დღეს, სხვა ქვეყნებში რომ ავიღოთ, საკმაოდ დაბალ დონეს წარმოადგენს“, - ამბობს ის.

მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ე.წ. "Food Cost" და გადასახადების ერთობლივი ეფექტი ფასებზე აისახება.

„მე არ მაქვს საუბარი სწრაფი კვების რესტორნებზე. მაგალითად, მაკდონალდსი გადასარევად გრძნობს თავს. საუბარია იდენტურობაზე და ავთენტურ სამზარეულოზე. როდესაც ფუდკოსტი 30% გაქვს და ზემოდან 18% დღგ-ს იხდი, ეს უკვე გამორიცხულია. მაშინ იგივე ფასები უნდა დაადო, რაც ევროპაში ევროშია, ლარში აქ. ევრო სამჯერ მეტია და ხაჭაპური რომ 60 ლარი ეღირება ეს უკვე გამორიცხულია. ეს საფასო სეგმენტი დაცარიელდება და მარჟის აწევა ამის საშუალებას არ გვაძლევს“, - აცხადებს ჩხაიძე.

ინტერვიუში მან შესაძლო გამოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორისთვის დღგ-ის შემცირება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

„არის ერთი ვარიანტი, რომ განულდეს, მეორე ვარიანტი 5% იყოს და ეს 5% აიტანს ამ ბიზნესს. ვფიქრობ, კიდევ ერთი მოტივაცია იქნება, რომ ბევრი რესტორანი შავი ფულიდან გამოვა, რადგან სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა ჩეკს არ ურტყამენ, რადგან სხვანაირად ხარჯებს ვერ ფარავენ“, - ამბობს „ასკანელის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები