სათამაშო ბიზნესს შემოსავალი 18%-ით შეუმცირდათ. ამის შესახებ BMG-ის აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, შემცირებულია კომპანიების მიერ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების მოცულობაც, რომლის ზუსტ ოდენობასაც ასოციაცია უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
“18%-მდეა შემოსავლების კლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა. ნებისმიერ მომხმარებელს უცხოურ საიტებზე თავისუფლად შეუძლია რეგისტრაცია, მოკლე შეტყობინების საშუალებით ვერიფიკაციის გავლა და ფსონის დადება. ეს მივიღეთ იმ უაზრო კანონის შედეგად, რაც ჯერ პირველი იანვრიდან, ხოლო სრულად - მარტიდან ამოქმედდა. ეს კომპანიები საქართველოს იურისდიქციაში არ არიან, რადგან მათ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ძალიან მარტივია ამ საიტებზე რეგისტრაციაც და საბანკო ბარათით გადარიცხვაც. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რასაც ვპროგნოზირებდი, რომ ფული საზღვარგარეთ გაედინება და ამ თანხიდან საქართველოში გადასახადს არავინ გადაიხდის. სრული უკონტროლობაა, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია თამაში”, - ამბობს მამულაიშვილი.
ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, ფინანსთა სამინისტროში მხოლოდ იმას პასუხობენ, რომ “ზომებს მიიღებენ”, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს.
“ქართული ოპერატორების ხიბლი მომხმარებლისთვის სიმარტივე იყო. კერძოდ, ქართულ ოპერატორთან მომხმარებელი მარტივად ახორციელებდა ოპერაციებს. საიტზე შესვლა; ჩარიცხვა და სხვა პროცედურები მისთვის მოხერხებული იყო, ხოლო უცხოურ ოპერატორთან, კომპანიასთან ეს დროში უფრო იწელებოდა. მაგალითად, თუ ქართულ ოპერტორთან ამ პროცედურებს ერთ წამში აკეთებ, უცხოელთან შესაძლოა 20-30 წუთი ლოდინი მოგიწიოს; როცა წვდომას უზღუდავ, მომხმარებელი მიეჩვევა 30-წუთიან ლოდინის რეჟიმს, მით უფრო მაშინ, როცა უცხოურ კომპანიებს საკმაოდ დიდი ბონუსები აქვთ. მიზეზი არის ის, რომ არალეგალური ოპერატორები გადასახადს საერთოდ არ იხდიან. ახლა ამას მომხმარებელი უცხოურ ოპერატორთან გააკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხა საზღვარგარეთ წავა და კონტროლის მექანიზმი საერთოდ არ იქნება”, - ამბობს მამულაიშვილი.
"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები ძალაში 1 მარტიდან შევიდა, რომლის მიხედვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. მანამდე [1 იანვრიდან] სათამაშო ბიზნესს საგადასახადო წნეხი 70%-მდე გაეზარდა.