„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კახა კალაძემ დეპუტატების მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმა არის გრძელვადიანი და ამას თბილისის მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება.
„2017 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ამ პროცესში დაქირავებული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია, დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები და მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ვახორციელებთ
პროექტებს. ბევრი სპეკულაციური განცხადება ისმის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის შესახებ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მათ მოვუწოდეთ, რომ თუ რამე არასწორია, გვითხრან რა გავაკეთოთ, რა არის სწორი, თუმცა ეს უნდა იყოს კვლევებზე დაფუძნებული და შინაარსობრივად სწორი. ჩვენი რეფორმა გრძელვადიანია, რომელიც საკმაოდ დიდ
თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ამისკენ გვქონდეს მიმართული თანხები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, კახა კალაძის თქმით, ახალი ავტობუსების ნაწილი თბილისში უკვე შემოსულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში შემოვა.
„2012 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 450 ერთეული „ყვითელი ავტობუსი“, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პარკის განახლება-მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, თბილისს 800-ზე მეტი ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი და 1 000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. პროცესი გრძელდება. ვიყიდეთ ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები. თქვენ მკითხეთ, თუ სად არის ეს 150 ერთეული ავტობუსი. მე ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია, მომავალი წლისთვის კი დარჩენილი რაოდენობაც შემოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, რაც შეეხება ავტობუსებში გადატვირთულობას, თბილისის მერის თქმით, ავტობუსების რაოდენობის ზრდა არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„არასწორია მოსაზრება, რომ თბილისს ცოტა ავტობუსი ემსახურება. ავტობუსების გადატვირთულობას იწვევს ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს ან წელს მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ეს სამუშაოები ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს იმ პირობებში, როდესაც დღეში 650 000-მდე ავტომანქანა გადაადგილდება. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს და ავტობუსიც აგვიანებს.
შესაბამისად, იმატებს მგზავრების რაოდენობაც. ავტობუსი თავის დანიშნულ დროში ვერ მიდის გაჩერებაზე და ხდება მგზავრებით გადავსება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელიც ქალაქში გადაადგილების გართულებას იწვევს და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი ცდილობს, წლის განმავლობაში, ორზე მეტი მსხვილი პროექტი არ განახორციელოს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მხოლოდ ქუჩების შეკეთებით არ შემოვიფარგლოთ. გვინდა, რომ ძირეულად გაკეთდეს კონკრეტული ქუჩები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. არის გარემოებები, რის გამოც ყველა ქუჩაზე „ბასლაინი“ ჯერ ვერ იხაზება. მაგალითად, იმის გამო, რომ წერეთლის გამზირზე
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დადიანის ქუჩაზე საავტობუსო ზოლის დახაზვისგან ჯერ თავს ვიკავებთ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს აღმაშენებლის ხეივნისა და მარშალ გელოვანის გამზირზე. ყველაფერს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ორზე მეტი
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განვახორციელოთ, რათა ქალაქში მეტი დისკომფორტი არ შეიქმნას.
ასევე, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონებისა და მეტროსადგურების სრული განახლება-მოდერნიზება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ძალიან მალე შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას და მასში უცხოური სამშენებლო კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიმართულებით
გამოწვევა ბევრი გვაქვს. ვხედავთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია რამდენი ხანია გრძელდება. ვერავინ ვნახეთ, ვინც ამ პროექტს შეასრულებდა. კომპანიებს არც დიდი გამოცდილება აქვთ და თან რისკისგან თავს იკავებენ. ამიტომ, საერთაშორისო ტენდერებს ვაცხადებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის სრულად განხორციელების შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.
„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაა. დღის განმავლობაში, პიკის საათებში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, ხოლო 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000 გადაადგილდებოდა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან სატრანსპორტო რეფორმის მთავარი მიზანი, ეს ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.