2018 წლიდან, “კერხერის” ინიციატივით, საქართველოში შეუმჩნევლად დარჩენილი და, სამწუხაროდ, ხშირად დაუფასებელ პროფესიაში მოღვაწე ხალხისათვის “დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე” აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც “კერხერ-საქართველო” პარტნიორი კომპანიებისა და საკუთარი დიასახლისების მიმართ მადლიერებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.
წელს ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენს სამუშაო გარემოსა და საჯარო სივრცეებს აწესრიგებენ, მადლიერების დღე 18 ოქტომბერს აღინიშნა. კომპანია “კერხერმა”, თავის სამ პარტნიორ კომპანიასთან ერთად, დასუფთავების 60-მდე თანამშრომელს სიურპრიზი მოუწყო, რომლებსაც მადლობის წერილი, ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
მადლიერების გამოხატვა დასუფთავების სფეროში მომუშავე ადამიანების წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. კამპანიის ინიციატორებს კი მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, დასუფთავების თითოეული თანამშრომელი აღიარებული და დაფასებული იყოს.
“დასუფთავების სფეროში მომუშავე ადამიანები არიან ისინი, ვინც ხშირად არ ჩანან, და მათ ყოველდღიურ საქმიანობას სათანადოდ ვერ ვამჩნევთ და ვაფასებთ. წლის მანძილზე ერთი დღის მათთვის დათმობა არის ის მცირედი, რაც მათთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. გულით გადახდილი მადლობა და საჩუქრები მათ დიდი მოტივაციას აძლევს და სიხარულს ანიჭებს, რადგან ჩვენ ვაფასებთ და ვხედავთ მათ არც თუ ისე მარტივ ყოველდღიურ შრომას”, - ამბობენ კომპანიაში.
კითხვაზე, რამდენად ჩართულები არიან ქართული კომპანიები თავიანთი დასუფთავების თანამშრომლების წახალისებაში, კომპანია “კერხერში” აღნიშნავენ, რომ მადლიერების დღისადმი ინტერესი კერძო სექტორის მხრიდან ყოველწლიურად მზარდია: “ჩვენი მიზანი კი არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ დღის აღნიშვნაში და დასუფთავების რაც შეიძლება მეტ თანამშრომელს გადავუხადოთ მადლობა”.
კომპანია “კერხერი” დასუფთავების თანამშრომლებისთვის მადლიერების დღის ყოველწლიურ აღნიშვნას კვლავ გააგრძელებს. გერმანულმა კომპანიამ წლების განმავლობაში ეს დღე უკვე მრავალ პარტნიორთან ერთად აღნიშნა, როგორიცაა: სუფთა სამყარო, შპს ლასარე, შპს ჰიგიენიკი, ევოლუშენი, მწვანე ოფისი, BDO და ქსნის მინის ქარხანა.
ცნობისთვის, დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე - Thank your cleaners Day - 2015 წელს ახალ ზელანდიაში, კომპანია BSCNZ-მა დააფუძნა. გერმანულმა ბრენდმა “კერხერმა” კი გადაწყვიტა, რომ ეს დღე ხალხისთვის უფრო ფართო მასშტაბით გაეცნო. ამ ინიციატივამ ნამდვილად გაამართლა, რადგან ყოველწლიურად ამ დღის აღსანიშნავად უფრო მეტი კომპანია ერთვება.