მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

18 წლამდე პირებისთვის წიწაკის სპრეის ტარებაზე განსხვავებული სანქციები დაწესდება - დარახველიძე

წიწაკის სპრეი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება არასრულწლოვნებს წიწაკის სპრეის შეძენა-ტარების შემთხვევაში. ამის შესახებ მან პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე აკუსტიკური, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან იწყება.

თუ 16 წელს ზემოთ, მაგრამ 18 წლამდე პირს აღმოაჩნდება წიწაკის სპრეი, მასზე გავრცელდება ადმინისტრაციული წესით გათვალისწინებული სანქცია, რადგან ამ ასაკში მომავალი პირი უკვე ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

16 წლამდე არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. სანქცია გადავა იმაზე, ვინც პროდუქტი მიჰყიდა.

დარახველიძის თქმით, უწყება განიხილავს მშობლების პასუხისმგებლობის დაწესების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ ეტაპზე პროექტში ეს ნორმა შეტანილი არ არის.

„რაც შეეხება იმას, 18 წლის ასაკს ქვემოთ თუ მოხვდება წიწაკის სპრეი ბავშვის ხელში, მოგეხსენებათ, ჩვენთან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან იწყება, შესაბამისად, თუ 16 წლის ზევით, 18 წლამდე ექნება ბავშვს ეს საშუალება, მის მიმართ გავრცელდება ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია წიწაკის სპრეის ქონასა და ტარებაზე, თუ უნებართვოდ იქნება ეს და შესაბამისი სანქციები გატარდება. 16 წლის ქვემოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიძიებთ, ვინ გაყიდა ეს საშუალება და იურიდიული პირი იქნება თუ ფიზიკური, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა უფლება მიეყიდა 18 წელს მიუღწეველი პირისთვის წიწაკის სპრეი. ასევე, მშობლის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აქ ჩადებული, ამ ნაწილში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მშობლის მიმართებითაც დაწესდეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დარახველიძემ.

პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ცვლილებებზე, რომლებიც შეეხება: გაზის აეროზოლური მოწყობილობების (წიწაკის სპრეის) იმპორტს, რომელიც სანებართვო პირობებს დაექვემდებარება.

შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ პირებისთვის;

შეძენა მოხდება შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები