მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 ივლისს, წინანდალში ბიზნესსამიტი Merito გაიმართება

one point

One Point-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, ბიზნესსამიტი Merito ჩატარდება, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების საზეიმო დაჯილდოებასა და ნეთვორქინგ აქტივობებს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. “მერიტო” 19 ივლისს, წინანდალში, “რედისონ ქოლექშენში” გაიმართება და, ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოება ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

„მერიტო“ პროფესიონალების ყოველწლიური დაჯილდოება იქნება, რომლის მიზანიც შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება, ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება და აღიარებაა - იდეის შესახებ ვრცლად BMGTV-ის ეთერში One Point-ის მმართველი პარტნიორი და სამიტის ორგანიზატორი, ნინო ნიაური, და ირინა ჯავახაძე საუბრობენ.

“შიდა კორპორაციული მეწარმეობის განვითარება ბიზნესების განვითარების ყველაზე კარგი საშუალებაა. One Point-ში საკმაოდ ახლოს ვიცნობთ ბევრ ბიზნესს და ვხედავთ შიდა პროცესებსაც. დღეს ქვეყანაში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება გარე მეწარმეების განვითარებაზე, ანტრეპრენერობაზე… მაგრამ სამწუხაროდ, არ კეთდება აქცენტი შიდა კორპორაციული მეწარმეობის განვითარებაზე და ამის წახალისებაზე.

ჩვენი ინიციატივაც სწორედ ამას ეხმიანება, რომ განვავითაროთ კომპანიებში ანტრაპრენერები - ადამიანები გამოვაჩინოთ, რომლებიც კომპანიების განვითარებას უწყობენ ხელს შიგნიდან, რათა გავიცნოთ ისინი, დავაფასოთ და მივცეთ მოტივაცია, რომ მეტი ასეთი საქმე აკეთონ. საბოლოო მიზანი მაინც ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაა, რაც ქვეყნის წინსვლის მთავარი ხაზია. One Point-ი ვთვლით, რომ გვაქვს ამის მოტივაცია, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის შიდა განვითარებას”, - განმარტავს ნინო ნიაური.

ორგანიზატორების განმარტებით, “მერიტოს” დაჯილდოებაზე დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კომპანიის საუკეთესო პროექტებს გამოავლენენ, რომლებმაც 2023 წელს ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

“გვყავს საინტერესო ჟიური - შიდა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, ძალიან საინტერესო პროექტებს ვიღებთ. ძალიან გვეჩქარება კიდეც, რომ ეს პროექტები საზოგადოებას გავაცნოთ.

შემოსულ პროექტებს One Point-ი ი არ განიხილავს, არამედ - სპეციალურად მოწვეული 8-კაციანი ჟიური, რომელშიც არიან ქართველი და უცხოელი ბიზნესლიდერები”, - განმარტავს ნიაური.

გარდა დაჯილდოების ცერემონიალისა, ორგანიზატორები “მერიტოს” დამსწრეთათვის მრავალ აქტივობას აანონსებენ. ირინა ჯავახაძე განმარტავს, რომ ღონისძიება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ნაწილსა და ცნობილ სპიკერებსაც ითვალისწინებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რამ პირველად ხდება, როდესაც ბიზნესსაზოგადოება შეიკრიბება და ერთმანეთთან ურთიერთობის, აზრების გაზიარების საშუალება ექნება. არ გვინდოდა, რომ ეს მხოლოდ დაჯილდოება ყოფილიყო, ამას გარდა, დამსწრეებს ელოდებათ სხვადასხვა აქტივობები, ე.წ. ბიზნეს-თოქები. მოწვეულია, საქართველოში პირველად, ძალიან ცნობილი ტრენერი და ცნობილი ავტორი მაიკლ ვირარდი, რომელსაც ექნება 45-წუთიანი გამოსვლა. გვინდა, რომ მისი გამოსვლაც დამსწრეთათვის ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხმაურებოდეს. იქნება სხვა აქტივობებიც, შემდეგ კი უკვე არაფორმალური ნაწილი დაიწყება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია”, - განმარტავს ირინა ჯავახაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები