საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ოთხი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 95.7 მილიონ ლარს შეადგენს. საერთო ჯამში პროექტი 19 სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლებიც 10 ქალაქში; 6 დაბაში და 3 სოფელში განთავსდება. შესაბამისად, ერთი სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ფასი 5,036,942 ლარი იქნება.
ყველა ტენდერი გამოცხადებულია აუქციონის გარეშე ელექტრონული პროცედურით. წინადადებების მიღება 2026 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული თვეა. პროექტებზე ორწლიანი საგარანტიო ვადა გავრცელდება.
პირველი ტენდერი ითვალისწინებს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობას დმანისში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდაში, გარდაბანსა და მარნეულში. ტენდერის ღირებულებაა 25,184,712 ლარი;
მეორე ტენდერის ფარგლებში მსგავსი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, დაბა თიანეთსა და დაბა სტეფანწმინდაში. ტენდერის ღირებულებაა 25,184,712 ლარი;
მესამე პროექტი მოიცავს ობიექტების მშენებლობას ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ქალაქ კასპში, ქალაქ ხაშურსა და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში. ტენდერის ღირებულებაა 25,184,712 ლარი;
მეოთხე ტენდერის სავარაუდო ღირებულება 20,147,770 ლარია. პროექტის ფარგლებში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ქალაქ სენაკში, ქალაქ ტყიბულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეულ პროექტში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს საგარანტიო ვალდებულებების შესრულება. ამ მიზნით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%-დან 5%-მდე თანხა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იქნება.
ტენდერები ასევე განსაზღვრავს პრეტენდენტების გამოცდილების მოთხოვნებს. მონაწილე კომპანიას 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერში წინადადებების მიღების დასრულებამდე პერიოდში, არაუმეტეს ხუთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობების ან ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება შესაბამისი ტენდერის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 80%-ს შეადგენს. აღნიშნული გამოცდილება მიღებული უნდა იყოს საქართველოში, ევროკავშირის ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, პროექტები ითვალისწინებს UEFA-ს 2025 წლის „Stadium Infrastructure Regulations“-თან შესაბამისი ტრიბუნებისა და ინდივიდუალური მაყურებლის სკამების მოწყობას, FIFA-ს სერტიფიცირებული ხელოვნური საფარის გამოყენებას, ასევე UEFA-ს სტადიონების განათების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამის LED ტიპის სპორტული განათების სისტემების მონტაჟს.
ოთხივე ტენდერზე წინადადებების მიღება 2026 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.




























