მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 მაისს აეროპორტთან მოსკოვი-თბილისის ფრენების აღდგენის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

646352c0cebdf
BM.GE
16.05.23 13:51
749

19 მაისს აეროპორტთან აქცია გაიმართება, რომელზეც მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენების აღდგენას გააპროტესტებენ. 12:00 საათზე აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედთან შეიკრიბებიან და კოლონით დაიძრებიან აეროპორტისკენ.

აქცია პარტია "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა.

"რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი.

19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დავიძრებით აეროპორტისკენ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება.

უნდა ვიცოდეთ, აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც:
-ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა;
-„აზიმუტის“ თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია (United Aircraft Corporation), რომელიც სანქცირებულია. United Aircraft Corporation სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს.
-ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია.
„რუსული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნულია დაგეგმილი აქციის აღწერაში.

ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომოანია „აზიმუტმა“ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები