მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1972 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის კოსმოსური აპარატი მთვარეზე წარმატებით დაჯდა

ოდისევსი

კოსმოსურმა ხომალდმა, სახელად Odysseus, ისტორიული მისია შეასრულა და პარასკევს, თბილისის დროით 03:23 საათზე მთვარის ზედაპირზე დაჯდა. ეს მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მთვარეზე კოსმოსური აპარატი კერძო, კომერციული მისიის ფარგლებში დაჯდა. გარდა ამისა, პარასკევამდე იმავე წარმატებით ამერიკელებმა მთვარეზე მისია ჯერ კიდევ 1972 წელს შეასრულეს, როდესაც NASA-ს Apollo 17-ის ეკიპაჟი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაეშვა.

მიუხედავად ისტორიული წარმატებისა, კოსმოსურ ოდისეას ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც მისიის ავტორის, ტეხასური კომპანია Intuitive Machines-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, ლენდერი მთვარის ზედაპირზე გვერდულად დაეშვა, მცირე ზომის კლდე კი მას სამოძრაოდ ბარიერს უქმნიდა. თუმცა, კომპანიის განმარტებით, Odysseus-ს აქვს საკმარისი სიმძლავრე, რომ გაიმართოს და დედამიწასთან კომუნიკაცია შეინარჩუნოს.

სტივ ალტემუსი, Intuitive Machines-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ზუსტი მიზეზი, რის გამოც მთვარის აპარატი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაეშვა, უცნობია. სავარაუდო მიზეზებს შორისაა რობოტის ერთ-ერთი კიდურის დაზიანება და მთვარის ზედაპირზე “წაბორძიკება”.

ამ პრობლემის მიუხედავად, ლენდერის რადიოანტენები კვლავ დედამიწისკენაა მომართული და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ხომალდზე დამონტაჟებული მზის ბატარეები საჭირო ენერგიას გამოიმუშავებენ იმისთვის, რომ კომპანიამ მთვარის ზედაპირი შეისწავლოს.

ცნობისთვის, IM-ის მისია NASA-ს “კომერციული მთვარის სერვისების” პროგრამის ნაწილია, რისთვისაც სააგენტო ამერიკულ კერძო კომპანიებს ხომალდების მთვარემდე “გადაზიდვის” მომსახურებაში შესაბამის ანაზღაურებას აძლევს. Odysseus-ის შემთხვევაში ის $118 მილიონით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები