საქართველოს საჯარო დაწესებულებებისა და ბიუჯეტისათვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების ოდენობამ 1995-დან 2017 წლამდე 2,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) -ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია მითითებული.
ყველაზე მეტი დახმარება საქართველოს აშშ-მ გამოუყო, რამაც 1,03 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე კი ევროკავშირია, მის მიერ უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება 703,7 მლნ აშშ დოლარია.
გერმანიამ საქართველოს გრანტის სახით 130 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოუყო, ჰოლანდიამ - 66,8 მლნ, იაპონიამ - 40,9 მლნ, ჩინეთმა - 38 მილიონზე მეტი, უკრაინამ - 12,6 მლნ, დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილმა გრანტის ოდენობამ 7,57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შვედეთის - 6,45 მლნ, შვეიცარია 3,43 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოს, საფრანგეთი - 1,6 მილიონით, საბერძნეთი კი - 0,5 მილიონით.
ყველაზე მეტი დახმარება საქართველომ 2008 წელს მიიღო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილმა თანხამ 392 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

























