არსებული ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც 1tv.ge წერს, ამ ინფორმაციას ფონდში ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ფონდის მმართველ სტრუქტურაში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა ცოტნე ებრალიძე გახდეს, რომელიც ფონდში უძრავი ქონებისა და სასტუმროების მშენებლობის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
თანაინვესტირების ფონდი ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დააფუძნა და პირველივე დღიდან მას გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბაჩიაშვილი დღემდე ფონდის 100%-იან წილს ფლობს.
თანაინვესტირების ფონდი პროექტებს ენერგეტიკის, ტურიზმის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს. გუშინ, ფონდის მშენებარე სასტუმროდან "პანორამა თბილისიდან" სამი მუშა გადმოვარდა. გუშინვე, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სახელმწიფო შრომის ისნპექციამ სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა.

























