მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 000-ზე მეტი გათავისუფლებული პირი…არაერთი ყოფილი საჯარო მოხელე ემიგრაციაში წავიდა|გიგა სოფრომაძე

გიგა სოფრომაძე

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - "კონსტიტუციის 78-ე მუხლის" ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში, საქართველოს საჯარო სექტორიდან, დაახლოებით, 2000-მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” პროფესიული კავშირის გამგეობის წევრმა გიგა სოფრომაძემ განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა, როგორ ცხოვრობენ დღეს გათავისუფლებული მოხელეები, როგორია სასამართლო პრაქტიკა, რა განწყობაა მოქმედ საჯარო მოსამსახურეებში და რისი შეცვლა შეუძლია ძლიერ პროფკავშირს, როდესაც საჯარო მოხელის უფლებები ირღვევა.

გიგა სოფრომაძე თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელია. დედაქალაქის მერიაში ის 8 წელი მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარი განაცხადა, სხვა საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, ხელისუფლებას კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისკენ მოუწოდა და საჯარო პეტიციაზე ხელი მოაწერა.

რეორგანიზაცია საჯარო სექტორში, როგორც დასჯის მექანიზმი

ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, თუმცა რეორგანიზაციის საბაბით, უცნობია. გიგა სოფრომაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ, თუმცა პროფკავშირის დაკვირვებით, მასშტაბი საგანგაშოა.

"გათავისუფლებული პირები საკმაოდ ბევრნი არიან, სამწუხაროდ, 2 000 ადამიანზე მეტი არის უკვე, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს; თუმცა აქაც, ჩვენ არ გვაწვდიან სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რომელი უწყებიდან რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს”, - აღნიშნავს გიგა სოფრომაძე.

გიგა სოფრომაძის დაკვირვებით, გათავისუფლების ოფიციალურ საბაბად უწყებები უმეტესწილად "ოპტიმიზაციასა" და ბიუჯეტის დაზოგვას ასახელებენ. “დასჯის მექანიზმად გამოიყენება არამხოლოდ გათავისუფლება, არამედ - დაქვეითებაც”, - აღნიშნა მან და “წერტილთან” ინტერვიუში კონკრეტული მაგალითებიც მოჰყვა.

"თბილისის მერიაში ჩვენ თანამშრომელს, მცირემხედველ გოგოს, რომელიც 11 წლის განმავლობაში მუშაობდა, უთხრეს, რომ 7 წლის განმავლობაში არასწორად უხდიდნენ ხელფასს და არასწორ პოზიციაზე ჰყავდათ... ხელფასის 600 ლარით შემცირებას სთავაზობდნენ იმისთვის, რომ სამსახურში დაეტოვებინათ და მის მიერ უარის თქმის შემდეგ, ეს ადამიანი გაათავისუფლეს”, - თქვა გიგა სოფრომაძემ.

სად (რას) საქმიანობენ ყოფილი საჯარო მოხელეები?

ჟურნალისტის კითხვაზე, რას საქმიანობენ და როგორ ირჩენენ თავს ყოფილი საჯარო მოხელეები, გიგა სოფრომაძე განაცხადა, რომ გათავისუფლებული პირები საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე არიან.

მისი თქმით, კერძო სექტორი, ხშირ შემთხვევაში, თავს იკავებს მათ დასაქმებაზე სახელმწიფო ორგანოების შიშის გამო.

"სამწუხაროდ, არაერთი ჩვენი თანამებრძოლი წავიდა ემიგრაციაში შვილებთან და ოჯახთან ერთად, იმიტომ რომ საქართველოში მათი დასაქმება, ფაქტობრივად, ძალიან რთულია და წარმოუდგენელიც კი. საშუალო და მაღალი რგოლის დასაქმებულებზე პირდაპირი მითითება არის, რომ მათ ვერ უნდა დაიწყონ მუშაობა… ყოფილ საჯარო მოხელეებს კერძო კომპანიები ღიად ეუბნებიან, რომ მათი დასაქმების შემთხვევაში, კომპანიაში „მაკონტროლებელი შევა მომენტალურად“. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, პროფკავშირს უწევს წევრების მხარდაჭერა თუნდაც ყოველთვიური საბანკო სესხების დაფარვაში…”, - ამბობს გიგა სოფრომაძე.

საჯარო მოსამსახურეების ბრძოლა სასამართლოში

რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეების ბრძოლის სამართლებრივ გზას, გიგა სოფრომაძის თქმით, ამჟამად პროფკავშირი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 254 საქმეს აწარმოებს. აქედან 11 უკვე უზენაეს სასამართლოშია. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში შრომითი დავები ხშირად დასაქმებულის სასარგებლოდ წყდებოდა, ახლა ტენდენცია სრულიად შეცვლილია.

“სასამართლოების მიდგომა ფორმალურია… ჩემი პირველი სასამართლო ინსტანცია იყო თავიდან ბოლომდე ერთი სხდომა, რომელიც გაგრძელდა სულ 3 საათი და 4 წუთი და მოსამართლემ შესვენების გარეშე ადგილზევე წაიკითხა გადაწყვეტილება... პირდაპირ საქაღალდე გახსნა, ამოიღო წერილი და წაიკითხა”, - აღნიშნა გიგა სოფრომაძემ და იქვე დასძინა, რომ მისი საქმე ამჟამად უზეანეს სასამართლოშია.

"თბილისის მერიაში 8 წლის განმავლობაში შშმ პირთა მიმართულებით ვმუშაობდი, თუმცა მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიერ გამოტანილ 18-გვერდიან განჩინებაში ერთხელაც არ არის ნახსენები ფრაზა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა ისეთ დარბაზში ჩანიშნა, სადაც მე, როგორც ეტლით მოსარგებლე ფიზიკურად ვერ შევიდოდი… ანუ პირველი ინსტანციის განჩინებიდან გამომდინარე, არც კი იცოდა მოსამართლემ, რომ მომჩივანი შშმ პირი იყო”, - აღნიშნა გიგა სოფრომაძემ.

ყოფილ საჯარო მოხელეს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიღებას, მაგრამ სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ, სამართლიანობისთვის ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს, სხვა ყოფილ მოხელეებთან ერთად.

რა განწყობაა დღეს საჯარო სექტორში?

დაშინება, რეორგანიზაციის მუდმივი საფრთხე და, მეორე მხრივ, გაზრდილი ხელფასები და პრემიები - ეს ის ბერკეტებია, რომლითაც გიგა სოფრომაძის აზრით, ხელისუფლებამ სისტემაში დარჩენილი თანამშრომლების გაჩუმება შეძლო.

„თავიდანვე, როდესაც აქტიურობისა და ხმაამაღლა საუბრისკენ მოვუწოდებდით და გვქონდა მოლოდინი, რომ მეტი სოლიდარობა იქნებოდა, სწორედ ეს იყო მიზეზი - ვიცოდით, რა პროცესებიც მოჰყვებოდა ამას. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ მაშინ გაჩუმება არ შეიძლებოდა, რადგან ის მომენტი გადამწყვეტი იყო.

ჩვენი - შედარებით აქტიური პირებისა და ლიდერების - ჩამოშორების შემდეგ საჯარო სამსახურებში მრავალი პროცესი წარიმართა. მათ შორის იყო დაშინებები, რაზედაც ვსაუბრობდით, და შემდეგ უკვე კანონის შეცვლა. კანონი პირდაპირ მოარგეს იმ ადამიანებს, რომლებიც გათავისუფლებულთა პირველ ნაკადში ვიყავით - 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებამდე. ჩვენი სწრაფი მოშორება სურდათ, რათა შემდეგ, ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე გაესწორებინათ დანარჩენი პროცესები. სწორედ ამისთვის შეიტანეს ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ისეთი გახადეს, რომ სასამართლომ რომც თქვას, რომ პირი უკანონოდ გაუშვეს, უწყებას კანონიდან გამომდინარე ვალდებულებაც კი აღარ აქვს ანუ დასაქმებული ვერც კი მოითხოვს სამსახურში დაბრუნებას”, - განმარტა გიგა სოფრომაძემ.

მიუხედავად არსებული შიშისა და დუმილისა, გიგა სოფრომაძეს სჯერა, რომ მოქმედი საჯარო მოხელეების უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი, მაგრამ ხმის ამოღების აზრს ახლა ვერ ხედავენ.

"ორი წელი დასჭირდა ამ პროცესს, სადაც პირობა დაუდეს და უთხრეს: ექნებათ კარგი შემოსავალი და, ბრჭყალებში, „კარგი ცხოვრება“, თუ იქნებიან მათკენ და ჩუმად; თუ არა და - იქნებიან ისე, როგორც გარეთ ეს ხალხი წვალობს. განწყობებს რაც შეეხება, ადამიანურად ზუსტად ვიცი, რომ ამ ხალხის დამოკიდებულება ასე ვერ შეიცვლება. შიში და ძალადობა სიყვარულს ვერ შექმნის და ვერც ზეწოლა თუ დაშინებები გამოიღებს შედეგს. უბრალოდ, ქვეყანაში იმდენად ქაოსური, მძიმე და რთული მდგომარეობაა, რომ ამ ადამიანებს იმედიც აღარ აქვთ და ბევრი ხმის ამოღების აზრს ვერ ხედავს - მიიჩნევენ, რომ ლაპარაკს მაინც არაფერი მოჰყვება”, - განაცხადა მან.

გიგა სოფრომაძე მოქმედ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურში თავს საფრთხის ქვეშ გრძნობენ, პროფკავშირში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს, რადგან პროფკავშირების არსებობა და წევრობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, „რისი დარღვევაც “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ არ შეუძლია“.

ინტერვიუს დასასრულს, კითხვაზე - თუ რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - გიგა სოფრომაძე პასუხობს: „უსამართლობას, ყველანაირ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაში ხდება.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები