მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2-3 წელიწადში წყლის ტრანსპორტის მიმართულება რადიკალურად შეიცვლება" - სერგი შუღაროვი

წყლის სკუტერი

მოტო და რეკრეაციული ტექნიკის 80-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლის "ტრანსპორტერის" დამფუძნებელი, სერგი შუღაროვი, BMGDrive-ის ეთერში საქართველოში ექსტრემალური მოტოსპორტისა და რეკრეაციული ტრანსპორტის განვითარების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მოტოციკლეტების ბაზარი სტაბილურად მზარდია.

"მოტომიმართულება ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა, რომელიც დღითი დღე იზრდება, მოტომოყვარულების რაოდენობა ემატება ჩვენს ქვეყანას. როდესაც 2017 წელს პირველად Kawasaki შემოვიყვანეთ, მაშინ რეგისტრირებული მოტოციკლეტების რაოდენობა 800 ერთეული იყო, იქიდან ნახევარზე მეტი, ალბათ, ძველი, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან რეგისტრაციაში იყო ჩარჩენილი. დღეს უკვე რამდენიმე ათეული ათასი რეგისტრირებული მოტოციკლეტი გვყავს. ძალიან მზარდი ბაზარია და ჩვენც ფეხდაფეხ ვეწევით ამ ბაზრის ზრდას იმ შეთავაზებებით, რაც მომხმარებლებისთვის გვაქვს.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონსა და რეკრეაციას, წყლის სკუტერები, კატერები, მცურავი საშუალებები ძალიან აქტიურია და ეს მიმართულებები საკმაოდ კარგად ვითარდება. ცოტა ინფრასტრუქტურულ ნაწილში გვაქვს ცუდი მდგომარეობა შავ ზღვაზე და ტბებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მცურავ საშუალებას სჭირდება ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის. მაგრამ ახლა შავ ზღვაზე ბევრი კარგი პროექტი კეთდება და ვფიქრობ, რომ 2-3 წელიწადში წყლის მიმართულების საერთო სურათი რადიკალურად შეიცვლება, რაც ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს ქმნის", - ამბობს სერგი შუღაროვი.

"ტრანსპორტერის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ ექსტრემალური თუ რეკრეაციული ტექნიკის განვითარებისთვის, კომპანიას საქართველოს კურორტებზე მოქმედი ტურისტული ობიექტებისთვის მზა ბიზნესგეგმაც აქვს, რომელიც სასტუმროებს, მაგალითად, კვადროციკლებით, ექსტრემალური ტურების დაგეგმვაში დაეხმარებათ.

"პირველივე დღიდან, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყეთ, გავაკეთეთ პროექტი და იმ ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, ეს მიმართულება დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციონ, არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ გადაწყვეტილებას ვყიდით. მაგალითად, კომპანიებს ვთავაზობთ მზა ბიზნესგეგმას, რომლითაც შეგიძლია, ინვესტიცია ჩადო, იყიდო 5, 7, 10 კვადროციკლი, ჩვენ კი გაწერილი გვაქვს თითოეულ კვადროციკლს ყოველ კილომეტრზე რამდენი დანახარჯი ექნება, ბენზინს რამდენს მოიხმარს, ცვეთა რამდენი აქვს, რა ფასი უნდა დაადოს შეთავაზებას, წლის განმავლობაში რამდენი დღე იქნება შესაფერისი ამინდი - თავიდან ბოლომდე "სოლუშენს" ვყიდით.

ასეთი შეთავაზებაც გვაქვს: თუ ბიზნესებს გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, ვეუბნებით, რომ რასაც გთავაზობთ, თუ რეალობას არ შეესაბამება, მაშინ ამ ტექნიკას თქვენგან უკან შევისყიდით, რაც რისკს ამცირებს. ამ მიმართულებას უკვე ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც უკვე აქირავებენ ამ ტიპის ტექნიკას, ტურისტებისთვის გეგმავენ ტურებს და ა.შ. რაც სფეროს ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის, ამ წლების განმავლობაში ტექნიკის გამოსყიდვის არც ერთი შემთხვევა არ გვქონია", - ამბობს "ტრანსპორტერის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, "ტრანსპორტერი" თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, კომპანია მომხმარებელს ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები