მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2-3 წელიწადში საქართველოს მიმართულებით ტვირთნაკადი საგრძნობლად გაიზრდება"

595a605f066c6
BM.GE
03.07.17 19:08
1909
საქართველოს რკინიგზა 2017 წელს ტვირთბრუნვის ზრდას არ ელოდება. რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე „ანალიტიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 13 მილიონი ტონაა, რაც დაბალი მაჩვენებელია, - გუნცაძე ტვირთბრუნვის შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზია. ეს არის ეკონომიკის რეგიონალური კრიზისი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, მთელი რიგი ქარხნები დაიხურა, რომლის პროდუქტიც დასავლეთის მიმართულებით გადიოდა; გარდა ამისა, ნავთობმა შეიცვალა მიმართულება და ამ თვალსაზრისითაც კლებაა.

სტრატეგიის თვალსაზრისით კი რკინიგზის როლის და ფუნქციის ხედვა მთლიანად შეიცვალა საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანში. ეს იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ რკინიგზას არა მხოლოდ გარდაბნიდან შავ ზღვამდე ვიაზრებთ, როგორც სატრანსპორტო ხაზს, არამედ როგორც ერთიანი, დიდი, გლობალური სატრანსპორტო ქსელის შემადგენელ ნაწილს.

ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთგადამზიდველისთვის, რომ მას ერთიანი ტარიფი ჰქონდეს, რაც ჩვენ დროს იქნა მიღწეული. ჩვენ ერთიანი ფორმატი გვაქვს, რომელშიც ყველა ის მოთამაშე, რომელიც გადაზიდვების ბაზარზე ამინდს ქმნის ჩართულია. აქ იგულისხმება სარკინიგზო და ლოგისტიკური კომპანიები, პორტები, ტერმინალები და ა.შ. დაწყებული ყაზახეთიდან შავი ზღვის და კასპიის ზღვის პორტების ჩათვლით ერთიანი ტარიფებია შემუშავებული. ჩინური სატესტო ბლოკ-მატარებლები უკვე ჩამოვიდა და რამდენიმე ათეულის გამოშვება კიდევ იგეგმება.

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ერთიანი სინთეზური ტარიფები მიღწეულია. გარდა ამისა, ასევე ერთიან ლეგალურ ბაზარზე მთელი რიგი შეთანხმებაა მიღწეული, რომ საბაჟო პროცედურებმა და ფორმალობებმა ტვირთის მოძრაობა არ შეაფერხოს. უსაფრთხოებისა და ზედმეტი ბარიერების საკითხი მოხსნილი უნდა იყოს. ასევე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია დროის თემაც.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ 2-3 წელიწადში ტვირთნაკადი საქართველოს მიმართულებით საგრძნობლად გაიზრდება და აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ. ქვეყანა, რომელმაც საქართველოში ტვირთბრუნვა უნდა გაზარდოს და ქვეყანაში, როგორც მოთამაშე შემოვიდეს, ჩინეთია. ამ თავლსაზრისით პერსპექტიულია ირანიც“, - ამბობს კოკა გუნცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები