მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 კვირა გავიდა წყალდიდობიდან, გზის გაკეთება ისევ არავის დაუწყია - "მესტვირენი"

თელავი

„2 კვირა გავიდა წყალდიდობიდან, გზის გაკეთება ისევ არავის დაუწყია“, - ამის შესახებ მეღვინეობა „მესტვირენის“ დამფუძნებელმა ბექა მესტვირიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მესტვირიშვილის განცხადებით, ადგილობრივებმა გზის რამდენიმე მონაკვეთის მოწესრიგება საკუთარი ძალებით შეძლეს, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან რეალური სამუშაოები ჯერ არ განხორციელებულა.

„არაფერი შეცვლილა, იმავენაირად არის ყველაფერი. ჩვენი ძალებით გზის რამდენიმე ადგილი გავასწორეთ, დანარჩენზე არავინ არ მოსულა საქმის დასაწყებად. თავდაპირველად იყვნენ, შეაფასეს, გადაწყვიტეს ჩვენი გზის 3 კილომეტრის გაკეთება, მაგრამ სამუშაოების არცერთი ნაწილი არ დაწყებულა“, - განაცხადა ბექა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, სტიქიამ მეღვინეობა „მესტვირენის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრი თელავი იყო, წყალდიდობის შედეგები ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზეც გავრცელდა. „ეპიცენტრი თელავი იყო, მაგრამ სტიქია ქვემოთ, კიდევ დაახლოებით 12 კილომეტრზე ჩამოვიდა და ჩვენთანაც შემოვიდა“, - აღნიშნა მან.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი ამბობს, უწყებებთან კომუნიკაციას თავად ცდილობს, თუმცა კონკრეტული ვადები, თუ როდის დაიწყება გზის აღდგენა, ამ დრომდე არ არსებობს.

„მე თვითონ ვცდილობ ყველასთან დაკავშირებას. ისინი არ მეხმიანებიან. დღესაც ველაპარაკე მერის მოადგილეს და მითხრა, რომ ხვალ თუ ზეგ დავიწყებთო, მაგრამ ამას უკვე ორი კვირაა მეუბნებიან“, - განაცხადა ბექა მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტში სტიქია 12 ივლისს, გამთენიისას, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია - უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, წარმოქმნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა კი ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდები და კერძო საკუთრება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალის შეფასება და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები