კომპანია “აგრონეტი” საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი 2 საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანია “აგრონეტის” დამფუძნებელი აჰმედ ქაჰრამან-გოგროჭაძე რუბრიკა “ინვესტორის” ფარგლებში აცხადებს.
აღნიშნულ პროექტში კომპანია 2 მილიონი ევროს ჩადებას 2 წლის განმავლობაში კახეთსა და მარნეულში აპირებს.
კომპანიას კაკლის ბაღები თავადაც აქვს და ნერგებსაც ყიდის. აჰმედ ქაჰრამან-გოგროჭაძე აცხადებს, რომ კაკლის მოსავალი წვრილ ფერმერებსაც აქვთ, რომლებსაც მისი გადამუშავება არ შეუძლიათ, სწორედ ამიტომ მსგავსი ქარხნის ამოქმედება აუცილებელია.
საქართველოში მოყვანილი კაკლის გასაღების ბაზრად “აგრონეტის” დამფუძნებელი თურქეთს მოიაზრებს, რამდენაცაც ამ კულტურას მეზობელი ქვეყანა პრაქტიკულად სრულად სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს.
აჰმედ ქაჰრამან-გოგროჭაძე ასევე აპირებს დიდი კოოპერატივების ჩამოყალიბებას საქართველოში.
“თურქეთში არის კოოპერატივები, სადაც 150 ათასი წევრია გაერთიანებული. ყველა წევრს მიაქვს ნაყოფი, რომელიც ხარისხდება კალიბრის მიხედვით. სწორედ ეს კოოპერატივი ნახულობს პარტნიორს საზღვარგარეთ და გაყიდის პროდუქციას. ეს გეგმა ჩვენც გვაქვს საქართველოში.
მაგალითად გლეხებს სულ შეიძლება კაკალი 10 ჰა-ზე ჰქონდეთ გაშენებული, ყველა საწარმოს ხომ ვერ ააშენებს? ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობასაც”,- აცხადებს ბიზნესმენი.
კომპანია აგრონეტი 13 წელია საქართველოში ოპერირებს და მათი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა. კომპანიას აქვს სანერგე მეურნეობა, აგროტექნიკა, ვაჭრობს სასუქებით; ასევე მათ ჰოლდინგში შედის კომპანია “ჯეოლაივი”, რომელიც თავის მხრივ ფლობს ზეთისხილის ბაღებს კახეთში და ქართულ ზეითუნის ზეთს აწარმოებს.