დღეს, 2026 წლის 29 მაისს, ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი CCCC გამოავლინა.
მაშინ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან წინადადების დაზუსტება და საინვესტიციო შეთანხმების დაზუსტება "რამდენიმე დღეში" მოხდებოდა. თუმცა უკვე 730 დღე, ანუ სრული ორი წელი გავიდა ისე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელშესახები სიახლე მთავრობის მიერ არ გაჟღერებულა. 25 მაისს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
"ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი კონკურსის გამოცხადება. გამომდინარე იქიდან რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა გარკვეულ ეტაპზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი და ძალიან მალევე უახლოეს თვეებში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით.
2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური და პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე და სათანადო ვადებში ყველაფერი იქნება განხორციელებულ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას.
თუმცა 2025 წელს კობახიძე აცხადებდა, რომ CCCC-თან ექვსი ძირითადი საკითხი იყო, რაც დაზუსტებას საჭიროებდა. უცნობია თუ რამდენი პრობლემური საკითხი რჩება კომპანიას და კონკურსის შედეგად დასახელებულ უპირატეს მონაწილეს შორის. როგორც მთავრობა მიუთითებს, სახელმწიფო პროექტში არ იქნება ინვესტორისთვის ტვირთების ან კრედიტის გარანტორი, შესაბამისად თუკი ერთ-ერთი პრობლემური საკითხი სწორედ ტვირთების ან სესხის გარანტირებას შეეხება, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ მთავრობა უარყოფით პასუხს დააფიქსირებს, რადგან 2020 წლის იანვარში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" საინვესტიციო შეთანხმების მოშლის ოფიციალური მიზეზი სწორედ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ გასაცემი სესხის მთავრობის მიერ გარანტირება იყო.
კონკურსი ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევად
2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტი შეცვალა. თუკი პირვანდელი პროექტით, პორტის ძირითადი აქციონერი ინვესტორი უნდა ყოფილიყო, ახალი კონფიგურაციით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება. შესაბამისად, ინვესტორი, რომელიც პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, მხოლოდ 49%-იან წილს დასჯერდება.
2023 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ სატენდერო განაცხადი მოამზადა და საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში უპირატესი მონაწილე 2024 წლის 29 მაისს დასახელდა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია China Communications Construction Company დასახელდა, რომელმაც სახელმწიფოს სრულყოფილი საინვესტიციო წინადადება წარუდგინა.
ტენდერის საბოლოო ეტაპზე მონაწილეობდა ორი კომპანია კონსორციუმი - (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები - China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd). ხოლო მეორე მონაწილე იყო (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A), რომელიც შვეიცარიულ-იტალიური გიგანტის Mediterranean Shipping Company-ის შვილობილი კომპანიაა. აღნიშნულმა კომპანიამ საინვესტიციო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი ვინც საინვესტიციო განაცხადი დააფიქსირა სწორედ ჩინური CCCC-ის კონსორციუმი იყო.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ადგილზე მოაწყოს წყლის ინფრასტრუქტურა - რაც მოიცავს ფსკერის დაღრმავებას, ტალღმტეხის (კედლის) მშენებლობა პორტის აკვატორიაში, ტერიტორიის ზედაპირის გასწორებას და წინა სამშენებლო ეტაპამდე მიყვანას. ასევე პორტთან 18-კილომეტრიანი გზის და რკინიგზის მშენებლობას და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 2024 წლის აგვისტოში ამ მიზნით საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება ფსკერის დარღმავების, ტალღმტეხის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია.
საქართველოს მთავრობა კი მოელის, რომ კერძო ინვესტორი, მას შემდეგ რაც მასთან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდება, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში განახორციელებს 600 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას, რათა ადგილზე მოაწყოს წლიურად 600,000 კონტეინერის (TEU) გამტარობის საკონტეინერო ტერმინალი და 7.8 მილიონი ტონის გატარების ტექნიკური შესაძლებლობის მქონე საზღვაო ნავსადგური. ერთობლივ საწარმოში კერძო ინვესტორს 49%-ის წილი, საქართველოს სახელმწიფოს კი 51%-ის წილი უნდა ჰქონდეს. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდება, პორტის ოპერირების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები კვლავ ქართული მხარე იქნება, რომლის საკუთრებაშიც პორტის მაჟორიტარული წილი იქნება. ანალოგიურად, კერძო ოპერატორს პროექტიდან დივიდენდის განაწილებისას 49% შეხვდება, ხოლო სახელმწიფოს კი 51%-ის წილი, ამასთან მაჟორიტარ აქციონერს (მთავრობას) შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება პორტის აქტივების განკარგვის, დივიდენდის განაწილების, თუ სხვა საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებით, რაც იურიდიულად სწორედ მაჟორიტარი აქციონერის უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაძლოა პორტის ოპერირების აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებითაც ჰქონდეს CCCC-ის კითხვები, მაშინ როდესაც ინვესტორის მხარეს იქნება პროექტის კომერციული და საკრედიტო რისკი და მის მიერ პროექტში ჩადებული ინვესტიცია თანხობრივად იქნება უფრო დიდი ზომის, ვიდრე მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიცია, თუმცა პარტნიორებს შორის დივიდენდის განაწილებისას მთავრობა უფრო დიდ დივიდენდს მიიღებს (51%-ის აქციებით), ვიდრე კერძო ინვესტორი (49%). ასევე შესაძლოა CCCC-თან გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფარგლებში კითხვის ნიშნები უკავშირდებოდეს პორტის ქვეკონტრაქტორების საქმიანობას. მაგალითად საქართველოს პორტებში ძირითადი ოპერატორების გარდა მრავალი ქვეკონტრაქტორებიც საქმიანობენ, რომლებსაც პორტის ძირითადი ოპერატორისგან უძრავი ქონება გრძელვადიანი იჯარით აქვთ აღებული და დამოუკიდებლად ახდენენ ნავთობის, ქიმიკატების, კონტეინერების, მარცვლეულის, მადნების, ნაყარი ტვირთების თუ სხვა სახის ტერმინალების ოპერირებას და ეს კომპანიები ქვე-იჯარის შემოსავლებს პორტის ძირითად ოპერატორს უხდიან. შესაძლოა CCCC-ის მხრიდან არსებობდეს კითხვები როგორ დარეგულირდება ურთიერთობა ქვე-იჯარის ხელშეკრულებით პორტში შესულ ბიზნეს ოპერატორებთან, ან შეეძლება თუ არა CCCC-თან აფილირებულ კომპანიას დამოუკიდებლად გახდეს პორტის ქვე-იჯარის მოსარგებლე და მოახდინოს მოგებიანი საქმიანობის განხორციელება, რა დროსაც მას აღარ მოუწევს მოგების ძირითადი ნაწილის 51%-ის საქართველოს მთავრობისთვის განაწილება.
თავად CCCC-ის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით არავითარი საჯარო განცხადება გასული ორი წლის განმავლობაში მედიის მიმართვების მიუხედავად არ გაკეთებულა. არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა მოელის, რომ პროექტზე საინვესტიციო შეთანხმება 2026 წლის ბოლოსთვის შეიძლება გაფორმდეს.
რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ ხომალდს 2032 წელს მიიღებს, თუმცა მალევე მთავრობამ დააზუსტა, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზს და პორტი გემებს 2029 წლიდან უმასპინძლებს. შესაბამისად, თუკი აღნიშნული გრაფიკი სწორია, პორტმა გემები 3 წელში უნდა მიიღოს.

რა ვითარებაა ამჟამად ანაკლიაში - მთავრობის კონტრაქტორის Jan De Nul-ის მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები:




































