ბოლო ორი წლის განმავლობაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების ჰონორარების შეგროვებამ ₾28 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ IPOA-ს გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ გვარიშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულების შესახებ ინფორმაცია განიხილეს.
მისი თქმით, კანონში განხორციელებულ ცვლილებებამდე მოქმედი რეგულაცია უფლებამფლობელთა ინტერესების სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. თუმცა ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების სისტემა და ამოქმედდა „კერძო კოპირების“ ჰონორარის შეგროვების მექანიზმი.
„წინა რედაქცია არ უზრუნველყოფდა უფლებამფლობელთა ინტერესების დაცვას. არ არსებობდა აკრედიტაციის სისტემა და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ასოციაციის კონტროლის მექანიზმი. ასევე არ არსებობდა შეგროვება-განაწილების გამართული სისტემა, არ ხდებოდა ე.წ. კერძო "კოპირების" ჰონორარის შეგროვება და მომიჯნავე უფლებების მიღება რადიო-ტელევიზიებიდან“, – განაცხადა თამარ გვარიშვილმა.
მისივე განმარტებით, რეფორმის შედეგად, რომელიც კულტურის კომიტეტისა და ავტორ-შემსრულებელთა ინიციატივით განხორციელდა, საქპატენტმა აკრედიტაციის პროცესი გამოაცხადა და აკრედიტაცია ერთადერთმა ორგანიზაციამ – IPOA-მ მიიღო.
გვარიშვილის თქმით, IPOA-ს ფუნქციებში შედის ჰონორარების შეგროვება როგორც წევრი, ისე არაწევრი უფლებამფლობელების სასარგებლოდ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, მათი განაწილება კანონითა და ასოციაციის წესებით განსაზღვრული პრინციპებით, ლიცენზიების გაცემა, ასევე უფლებამფლობელთა ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლო პროცესების წარმოება და ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება.
"2022 წლის GCA-ს ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჩვენი წინა მორბედი ასოციაციაა, იმ დროისთვის თავისთვის უპრეცედენტო - ₾5.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. 2023 წელს არ გამოუქვეყნებია ანგარიში, ხოლო 2024 წელს, შევაგროვეთ ₾10 მლნ-ზე მეტი თანხა - საავტორო უფლებების კუთხით განაწილდა ₾2 735 100, ხოლო მომიჯნავე უფლებების კუთხით - ₾1 490 326. რაც შეეხება 2025 წელს, ამის გამჭვირვალობის ანგარიში ჯერჯერობით არ გვაქვს გამოქვეყნებული და გამოქვეყნდება აგვისტოში, თუმცა გეტყვით, რომ 2 წლის მერე წელიწადში ₾28 მლნ გროვდება" , - თქვა მან.
რაც შეეხება კერძო კოპირების ჰონორარს, მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაში თანხის შეგროვება შესაძლებელია როგორც პროცენტული, ისე ფიქსირებული ან შერეული ტარიფით. საქპატენტთან არსებული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ეს ტარიფი 0.5%-დან 2%-მდე განისაზღვრა.
ამასთან, თამარ გვარიშვილმა აღნიშნა, რომ IPOA-ს ინიციატივით და საერთო კრების გადაწყვეტილებით, დაფუძნდა ფონდი „მესმა“, რომლის მიზანია კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მისივე ინფორმაციით, 2026 წლის მაისში დაგეგმილია ასოციაციის მონაწილეობა SCAPR-ის გენერალურ ასამბლეაში, ხოლო ივნისში - CISAC-ის კონფერენციაზე.




























