მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2 წელიწადში სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში სწავლება გავიაროთ" - მაია ბითაძე

შპიცი

"2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული" - ამის შესახებ
"შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარეები სამოქალაქო სექტორთან ერთად კანონის პროექტს განიხილავენ.

ბითაძემ თქვა, რომ ყველა ძაღლის მათ შრის, შპიცის გაზრდასაც კი სპეციფიური ცოდნა სჭირდება, რათა ის, აგრესიული არ გახდეს.

„დღეს რატომღაც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგი, ძაღლთმცოდნე, ბიჰევიორისტია, ინბრიდინგი თუ ექსბრიდინგი იცის. მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლი თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და ამიტომ მაქვს დიდი პრობლემები. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფერინოლოგებს საშუალებას მისცემს, რომ ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი და ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული, რადგან შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან,“ - განაცხადა ბითაძემ.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები