მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2 წლის განმავლობაში GCCA-მ მომხმარებელთა 1500-ზე მეტი განაცხადი განიხილა" - ირაკლი ლექვინაძე

მომხმარებელთა უფლებები

მომხმარებელთან უფლებების კანონის შემოღებიდან 2 წლის თავზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 1500-ზე მეტი განაცხადი განიხილა, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით გამართულ მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულზე მედიასთან განაცხადა.

სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, წლიდან წლამდე განცხადებების რაოდენობა 60%-ით იზრდება. ის დასძენს, რომ სააგენტოში შესული განცხადებების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება, სადაც ძირითადი აქტივობა ტანსაცმლისა და ტექნიკის ვაჭრობის მიმართულებით არის.

“მომხმარებლებთან უფლებების კანონი ორი წელია ძალაშია. 2 წლის სურათს თუ შევხედავთ, საკმაოდ ბევრი განაცხადი გვაქვს მიღებული. ვფიქრობთ, რომ [კანონმა] მნიშვნელოვნად შეცვალა გარემო და ბიზნესი/მოვაჭრეები უფრო ინფორმირებული გახადა საკუთარი ვალდებულებების შესახებ. მეორეს მხრივ, მომხმარებლებიც საკმაოდ ინფორმირებული არიან საკუთარი უფლებებისა და გარანტიების კუთხით. 2 წლის სურათს თუ ავიღებთ, დაახლოებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 1500-ზე მეტი განაცხადია შესული და განხილული. ძირითადი გადაწყვეტილებები მიღებულია შეთანხმებით, როდესაც მომხმარებლები და მოვაჭრეები თანხმდებიან და ერთის მხრივ ხდება უფლების აღდგენა და მეორეს მხრივ პროცესის გასწორება, რომელმაც შექმნა ხარვეზი.

განცხადებების დაახლოებით 70% არის ონლაინ ვაჭრობის შესახებ. თუ მიმდინარე წლის 2 თვეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, განაცხადების მიღების მიმართულებით 60%-იანი ზრდა გვაქვს. ძირითადი აქტივობა ტანსაცმლისა და ტექნიკის ვაჭრობის მიმართულებით მიმდინარეობს. ვინაიდან ეს უფრო ფართო სფეროა. 80%-იანი წილი თბილისზე მოდის და მთავარი მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნებას ან ნაკლოვანებას, გამოცვლას და ა.შ. შეეხება”, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

რაც შეეხება ჯარიმებს, ლექვინაძე ამბობს, რომ დაჯარიმების წილი ძალიან მცირეა და 2 წლის განმავლობაში, მოვაჭრეებს დაახლოებით 100 000 ლარამდე დაეკისრათ.

“[ჯარიმები] ძირითადად ინდმეწარმეებს და მცირე მოვაჭრეებს შეეხება, რომლებიც დარღვევის შემდეგ არ უზრუნველყოფენ მომხმარებლების უფლებების აღდგენას და არ ასწორებენ თავიანთ სავაჭრო პოლიტიკას.

კანონმდებლობა იმდენად დაბალანსებულია და იმდენად ჩართულია მოვაჭრე და ბიზნესი აღნიშნული განაცხადების განხილვის პროცესში, რომ ძალიან უნდა ეცადოს ბიზნესი, რომ მას ჯარიმა დაეკისროს. მინიმალური ჯარიმა არის 600 ლარი, ხოლო მაქსიმალური - ბრუნვის 2%-მდე, თუ ეს მსხვილ მოვაჭრეს ეხება საქმე”, - ამბობს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, სექტორში ორი მიმართულებაა გამოწვევა. პირველი ეს არის ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში. რის გამოც სააგენტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა და სკოლებში ცნობიერების ამაღლების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განახორციელოს. მათ შორის, ეთნიკურ და მოწყვლად ჯგუფებთან. ხოლო, მეორე გამოწვევა კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ერთხელ უკვე იყო შემთხვევა, როდესაც პარლამენტთან თანამშრომლობით, კანონმდებლობა გაუმჯობესდა, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსთვის სახელის შეცვლა მოხდა. ის დასძენს, რომ სააგენტო მონიტორინგს აწარმოებს, თუ რა ცვლილებები შეიძლება იყოს საჭირო, რომ აღსრულება იყოს უფრო ეფექტური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები