ბრიტანელი ჯოზეფ ჰარის-ბირტლი Mensa-ს - ექსკლუზიური კლუბის, რომლის წევრებიც მხოლოდ 132+ IQ-ს მქონე ადამიანები არიან - ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა, რასაც გინესის მსოფლიო რეკორდიც ადასტურებს. ჯოზეფ ჰარის-ბირტლი, რომელიც 2021 წლის 23 ნოემბერს დაიბადა, ორგანიზაციაში 2 წლისა და 182 დღის ასაკში მიიღეს.
"მალევე გახდა აშკარა, რომ საქმე არაჩვეულებრივ პატარასთან გვქონდა. პირველად 5 კვირის ასაკში გადატრიალდა, პირველი სიტყვა 7 თვისამ თქვა, ყდიდან ყდამდე წიგნი კი პირველად 1 3/4 წლის ასაკში წაიკითხა", - განუცხადა 2 წლის გენიოსის დედამ გინესის მსოფლიოს რეკორდის ორგანიზაციას.
2 წლის ჯოზეფ ჰარის-ბირტლი მორზეს ანბანისა და პერიოდული სისტემის შესწავლითაა დაინტერესებული და იცის ბერძნული ანბანი.
ბავშვის მშობლები შოტლანდიის პრესტჟული უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. მათი განცხადებით, Mensa-ს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც გადაწყვიტეს ჯოზეფის ახალი ჰობისთვის - კითხვისთვის - მეტი მხარდაჭერა აღმოეჩინათ. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული უნარის მქონე ბავშვებისთვის Mensa-ს სპეციალური რესურსები და პროგრამები აქვს.
ჯოზეფ ჰარის-ბირტლი 13 დღით უმცროსია წინა რეკორდსმენზე, ამერიკელ აილა მაკნაბზე, რომელიც Mensa-ში 2022 წელს მიიღეს. ამასთან, ჰარის-ბრიტლი Mensa-ს ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი წევრია - მანამდე ამ ტიტულს ტედი ჰობსი ინარჩუნებდა, რომელიც კლუბში 2023 წელს, 4 წლის ასაკში მიიღეს.


























