ბიოპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „კახეთი ბიო“, რომელიც სანელებლებს და ეთერზეთოვან ვარდს აწარმოებს, ასევე, მოჰყავთ სამკურნალო მცენარეები, 2014 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფუნქციონირებს.
როგორც bm.ge-ის კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლიზი ხმიადაშვილმა განუცხადა, მათი პროდუქცია სერტიფიცირებულია და ამ ეტაპზე, მხოლოდ ექსპორტზე გადის.
„პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში გაგვაქვს, თუმცა პარტნიორების დახმარებით, ხვდება როგორც გერმანულ, ასევე, ავსტრიულ, ფრანგულ, შვეიცარიულ კომპანიებში“, - აღნიშნა მან bm.ge-ისთან და დასძინა, რომ თუ პირველად ექსპორტზე 80 კილოგრამის პროდუქცია გაიტანეს, შარშან ეს მაჩვენებელი 10-12 ტონა იყო, კომპანიის ბრუნვა კი - 90-100 ათასი ევრო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლიზი ხმიადაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, „კახეთი ბიოს“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდეს. „გეგმაში გვაქვს პიტნის პლანტაციის გაახლება, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობის გზით. მოიაზრება, რომ გაფართოვდეს ვარდის პლანტაციაც, რომელიც ამ ეტაპზე, დაახლოებით, 18 ჰა-ზეა წარმოდგენილი, შემოდგომისთვის კი, მისი 30 ჰა-მდე გაფართოება იგეგმება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„კახეთი ბიოს“ დამფუძნებელი bm.ge-ის იმ გამოწვევებზეც ესაუბრა, რომლებსაც საწარმო აწყდება.
მისი თქმით, ოპერირებისას მნიშვნელოვან პრობლემას ტექნიკის დეფიციტი ქმნის. „დანადგარების ქირაობა სირთულეებს უკავშირდება. კახეთის რეგიონში 2 თვეა ტექნიკას ველოდებით, რომელიც ნიადაგის დამუშავებისთვის გვჭირდება“, - აღნიშნა ლიზი ხმიადაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემაა მუშახელიც.
გამოწვევებს შორის, ასევე, „კახეთი ბიო“ კომპანიის კონცეფციიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტებთან თანხვედრის სირთულეს გამოყოფს.
ცნობისთვის: „კახეთი ბიო“ ლიზი ხმიადაშვილმა მეუღლესთან და გერმანელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა. მისი თქმით, საწყისი ინვესტიცია 10 000 ევრომდე იყო, თუმცა ინვესტირება გააგრძელეს და ამ დროისთვის, ჯამში, დაახლოებით, 300 000 ევრომდეა კომპანიაში ინვესტირებული. კომპანიამ „პროკრედიტ ბანკის“ დახმარებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამითაც ისარგებლა. „კახეთი ბიო“ პროდუქციას წნორში აწარმოებს. გარდა წარმოებისა, იბარებენ ველურ მცენარეებსაც; მაგალითად, ფურისულას ყვავილს. კომპანიაში, ჯამში, 6-7 მუდმივი დასაქმებულია, თუმცა სეზონურად წარმოებაში, დაახლოებით, 100 ადამიანი ერთვება.

























