შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა მიხეილ დუნდუამ 2018 წლის 28 აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, 14,527 ლარის და 28 თეთრის ოდენობით შრომის ანაზღაურება მიიღო.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.
კერძოდ, დუნდუამ, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დანიშნეს, ამავე თვეში, სამ დღეში 927 ლარის და 28 თეთრის თანამდებობრივი სარგო აიღო; ხოლო სექტემბერსა და ოქტომბერში კი - 6,800-6,800 ლარი.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობის პერიოდში, მიხელ დუნდუას პრემიის, დანამატისა და ჯილდოს სახით, შრომის ანაზღაურება არ მიუღია.
გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ დუნდუა აღნიშნულ პოსტზე მუშაობის 2-თვიან პერიოდში მედიასთან საჯაროდ არ გამოჩენილა, bm.ge-მ ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია დუნდუას საქმიანი შეხვედრების შესახებ, რაზეც შემოსავლების სამსახურიდან შემდეგი პასუხი მოგვწერეს:
„ბატონმა მიხეილ დუნდუამ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას, გამართა შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და სხვა. სამუშაო შეხვედრების შესახებ, ინფორმაცია განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge“, - აღნიშნულია წერილობით პასუხში.
Bm.ge-მ მოიძია, მაგრამ www.rs.ge -ზე განთავსებული სიახლეების და პრესრელიზების თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისას მიხეილ დუნდუამ მხოლოდ ერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კერძოდ, 14 სექტემბერს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში", წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების ამაღლების პროექტის დასრულების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მიხეილ დუნდუა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილედ დაინიშნა. შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტი კი, ამ დროისთვის ვაკანტურია.