აგროთანადაფინანსების“ პროგრამის ამოქემდებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრომეწარმეების მხრიდან წარდგენილი 8 პროექტი მოიწონა - ამის შესახებ BM.GE-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
რედაქციამ სოფლის განვითარების სააგენტოს, რომელიც "აგროთანადაფინანსების" პროგრამის განმახორციელებელია კითხვებით მიმართა: ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტებიდან რამდენ პროექტზე, რამდენი სუბიექტის განაცხადი შევიდა სააგენტოში „აგროთანადაფინანსების“ პროგრამით სარგებლობის მიზნით? შემოსული განაცხადებიდან რამდენია ფიზიკური პირის, რამდენი - ინდმეწარმის, რამდენი - შპს? მხარდაჭერის პროგრამის რომელ მიმართულებაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა? როგორ შეაფასებდით, განახლებული პროგრამით სარგებლობის მიღებისთვის დარგის წარმომადგენლების აქტივობას? რა განაპირობებს არსებულ ვითარებას? დაახლოებით რამდენ ხანში მოხდება განაცხადების განხილვა და რამდენ ხანში შეძლებენ სუბიექტები პროგრამით სარგებლობას?
გაგზავნილ კითხვებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ორიენტირებულია აგროსექტორში მაღალი საინვესტიციო ღირებულების პროექტების განხორციელებისა და წარმოების გამსხვილების ხელშეწყობაზე.
„მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტოს მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში, 4 მლნ ლარზე მეტი ჯამური საინვესტიციო ღირებულების 8 ხელშეკრულება გაფორმდა“, - აღნიშნულია სააგენტოს წერილობით პასუხში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რამდენი განაცხადი შევიდა სულ თანადაფინანსების პროგრამაზე.
„პროგრამაში განაცხადების მიღება ხორციელდება, როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით. პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განაცხადის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ეტაპების გავლას მოითხოვს. საანგარიშო პერიოდში მიღებული სხვა განაცხადები განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა“, - წერია სოფლის განვითარების სააგენტოს პასუხში.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომლის აუცილებელი პირობაც რეესტრში რეგისტრაციაა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.
პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებისთვის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით (ამჟამად 8.25%) დააფინანსებს, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. ამასთან, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ერთი ბენეფიციარისთვის სესხის მოცულობა 10 000-100 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრა, ხოლო მარცვლეული კულტურების წარმოების შემთხვევაში - 10 000-დან 300 000 ლარამდე.
დაფინანსება განკუთვნილია ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეულის, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების - ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. პროგრამა მოიცავს სათესი და სარგავი მასალის, სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, საწვავისა და სარწყავი მილების შეძენის ხარჯებს. სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული კულტურისთვის ერთ ჰექტარზე დასაშვები მაქსიმალური ხარჯიც განსაზღვრულია.
ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაციაა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.




























