2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ლუდის ექსპორტით 1 მლნ 078 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამში სხვადასხვა ქვეყანაში 971 ტონა ლუდი გაიყიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ლუდის რეალიზების ისტორიაში როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით ლუდის ექსპორტის მაჩვენებელი 639.1%-ით გაიზარდა.
საექსპორტო ქვეყნების მიხედვით თუ შევხედავთ ლუდი ამ პერიოდისთვის სულ 13 ქვეყანაში გაიყიდა და მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ყაზახეთი იყო, რომელზეც საქონლის გაყიდვების 42% მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ლუდის მთავარი საექსპორტო ქვეყენა ასევე ყაზახეთი იყო.
იანვარ-თებერვალში ლუდის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთი იყო:
1. ყაზახეთი - 459 ათასი დოლარი, 477 ტონა;
2. რუსეთი - 215 ათასი დოლარი, 134 ტონა;
3. სომხეთი - 115 ათასი დოლარი, 117 ტონა;
4. ლატვია - 103 ათასი დოლარი, 78 ტონ;
5. ჩინეთი - 76 ათასი დოლარი, 83 ტონა.
მცირე მოცულობებით ლუდის ექსპორტი აზერბაიჯანში, პოლონეთში, ლიეტუვაში, გერმანიაში, სინგაპურში, ავსტრიაში, ისრაელსა და შვედეთში განხორციელდა.
რაც შეეხება ლუდის ექსპორტის გასული წლის მაჩვენებელს, 2022 წელს ქვეყნიდან 4 203 ტონა 3 მილიონ 480 ათასი დოლარის ღირებულების ლუდი გაიყიდა. ღირებულებაში ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 25.4%-ით გაიზარდა.
იანვარ-თებერვალში ასევე ლუდის იმპორტიც გაიზარდა. ამ პერიოდში 1 341 ტონა ლუდის შესაძენად ქვეყნიდან 1 მილიონ 517 ათასი დოლარი გავიდა, რაც 2022 წლის პირველი ორი თვის მაჩვენებელს 92%-ით აღემატება.
იმპორტის შემთხვევაში მთავარი საიმპორტო ქვეყანა გერმანია იყო, რომელზეც ლუდის იმპორტის მესამედი მოდის. TOP-საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
1. გერმანია - 496 ათასი დოლარი, 435 ტონა;
2. მექსიკა - 146 ათასი დოლარი, 90 ტონა;
3. ესპანეთი - 144 ათასი დოლარი, 129 ტონა;
4. ჩეხეთი - 136 ათასი დოლარი, 120 ტონა;
5. რუსეთი - 124 ათასი დოლარი, 143 ტონა;
ქვეყანაში ლუდი ასევე ბელგიიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, ირლანდიიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.