მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2-თვიანი კარანტინის შემდეგ იტალია საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებას იწყებს

5eafc74891fdc
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 12:45
799
კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ პირველად, იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დღეიდან ქვეყანაში დასაშვები იქნება ნათესავის მოსანახულებლად გასვლა იმავე რეგიონში, თუმცა რეგიონებს შორის მიმოსვლა კვლავ აკრძალული რჩება. გაიხსნება პარკები და სკვერები. შესაძლებელი იქნება გარეთ ვარჯიში.

შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში. თუმცა, ის ფაქტი, რომ სექტემბრამდე დახურული რჩება სკოლები და საბავშვო ბაღები, დასაქმებულ მშობლებს პრობლემას უქმნის.

სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაიხსნება, თუმცა 4 მაისიდან იტალიაში მოქალაქეს შეეძლებათ, არა მხოლოდ მიტანის სერვისით ისარგებლონ, არამედ საკვები ობიექტიდან შეკვეთა თავად წაიღონ.

მაღაზიების ძირითადი ნაწილი სავარაუდოდ 18 მაისიდან გაიხსნება. ამავე დროს იგეგმება ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნაკრებები გუნდური ვარჯიშის განახლებას ასევე 18 მაისიდან შეძლებენ.

4 მაისის მონაცემებით, იტალიაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 210,717 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 28,884 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 81,654 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები