მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2 წლის წინ საქართველომ თქვა: ჰეი, მე აქ ვარ!"

5a1e6d921df2a
სალომე მეცხვარიშვილი
02.12.17 10:00
2071
"2 წლის წინ საქართველომ თქვა: ჰეი, მე აქ ვარ", - ასეთია BBC World News-ის წამყვანის აარონ ჰესლეჰარსტის თვალით დანახული საქართველო Tbilisi Belt & Road 2017 ფორუმზე.

ჟურნალისტი საქართველოს ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფარგლებში ეწვია და ერთ-ერთ პანელზე მოდერატორის ფუნქციაც შეასრულა. პანელის დასრულების შემდეგ კი კოლეგებს აბრეშუმის გზასა და საქართველოზე მისი მოსაზრებები გაუზიარა.

"2013 წელს, როდესაც პეკინი გამოვიდა ინიციატივით აღედგინა ეს მარშრუტი, საქართველო არც იყო ნახსენები. ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს მთავრობის სურვილმა გააჩინა საქართველო „ერთი სარტყელი - ერთი გზის" რუკაზე. დღეს კი საქართველო ამ რუკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველო იქნება სავაჭრო კარი ევროპასა და აზიას შორის.

საქართველომ თქვა: ჰეი, მე აქ ვარ. ეს რეგიონის ყველა ქვეყანას არ გაუკეთებია, მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი",- ამბობს აარონ ჰესლეჰარსტი და საქართველოს არც მეტი არც ნაკლები სინგაპურსა და სამხრეთ კორეას ადარებს, რომლებმაც თავის დროზე სწორედ ღია ეკონომიკით მიაღწიეს წარმატებას.

საქართველოს შესახებ საუბარი ჟურნალისტს უჭირს: მიზეზი მარტივია - ქვეყანაში პირველადაა და ისიც მხოლოდ ფორუმის ფარგლებში. დამშვიდობებისას დაპირებას ვიღებთ, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვევა.

"ერთი სარტყელი - ერთი გზის" მნიშვნელობაზე საქმის კურსთან საუბრობს Deutsche Welle -ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა ქრეინიც, რომელიც ასევე იყო ერთ-ერთი მოდერატორი ფორუმის ფარგლებში.




"დღეს, როდესაც მუდმივად გვესმის კრიტიკა გლობალიზაციის მიმართ, ვფიქრობ, აბრეშუმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნები მუშაობენ ერთად იმის დასამტკიცებლად, რომ სავაჭრო ურთიერთობები არათუ გრძელდება, იზრდება კიდეც. ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ამით ყველა იღებს სარგებელს. ფორუმზე მოვისმინე, რომ არსებობს პოლიტიკური ნება თანამშრომლობისთვის და რომ „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ არის არამხოლოდ ქვეყნების გარკვეული ნაწილების ერთობლიობა, არამედ ერთი მთლიანი, რომლისგანაც რეგიონის ქვეყნები მიიღებენ რეალურ სარგებელს",- ამბობს მელინდა ქრეინი.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ქვეყნების კოოპერაციას მიესალმება, მთავარ გამოწვევადაც ამ ფაქტორს ასახელებს. Deutsche Welle -ს ჟურნალისტი ამბობს, რომ პროექტში ბევრი მხარეა ჩართული და ეს სერიოზული გამოწვევაა.

„ეს არ არის უბრალოდ ერთი დიდი საჩუქარი ჩინეთისგან. ეს სისტემა გულისხმობს გარკვეულ მოთხოვნებს ქვეყნებისა და კერძო სექტორის მიმართ”,- ამბობს მელინდა ქრეინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები