მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20-მდე ქართულმა კომპანიამ სპარსეთის ყურის ქვეყნების "როუდშოუებში" ზამთრის კურორტები და ტურისტული პროდუქტები წარადგინეს - GNTA

დუბაი

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში ღონისძიებები გამართა.

„დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 20-მდე ქართული კომპანია „როუდშოუებში“ მონაწილეობდა. ღონისძიებაზე 50-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. „როუდშოუების“ ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ზამთრის კურორტების, ასევე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო.

უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ცნობით, B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. GNTA შეხვედრების შესახებ მონაწილე კომპანიების წარმომადგენლების კომენტარებს ავრცელებს:

ჩვენ გვქონდა რამდენი ტიპის შეხვედრა, მათ შორის იყო B2B შეხვედრები. სადაც წარვადგინეთ ზამთრის და გაზაფხულის ტურისტული შეთავაზებები, ასევე ვესაუბრეთ სასტუმროების წარმომადგენელებს, რომლებსაც გავაცანით მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები საქართველოში. შევხვდით მარკეტინგულ კომპანიებს და ინფლუენსერებსაც. წარვადგინეთ საქართველო, რომელიც ტურისტული კუთხით ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. მსგავსი ტიპის შეხვედრებ ჩვენი კომპანიისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალო კონტაქტის და კომუნიკაციის შედეგად მეტად ეცნობიან ჩვენს ქვეყანას და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება“, - ამბობს „ჯორჯია კაპიტალის” წარმომადგენელი მარიამ ტიგინაშვილი.

„საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ვეცნობით ახალ პარტნიორებს და გვაქვს ახალი კონტაქტები, მეტი შანსი აქვს ნებისმიერ კომპანიას მეტად წარმატებულად იმუშაოს საქართველოს ბაზარზე. საამიროებიდან კვირაში 21 ავიარეისი სრულდება, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათია, რაც ძალიან მოსახერხებელია. წინა წელთან შედარებით აღინიშნება ტურისტული ნაკადის ზრდა. რაც ძალიან კარგად აისახა ტურიზმის მიმართულებაზე. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას“, - აღნიშნავს „ვოიაჟერის“ წარმომადგენელი ანა გვაზავა.

"დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, მათ შორის ჩვენთვის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაზარია. ძალიან კარგია, რომ საშუალება გვაქვს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ჩავერთოთ ამ როუდშოუებში. ძალიან დროული იყო მსგავსი ღონისძიებები. ეს შეხსენებაა ჩვენი პარტნიორებისთვის და ტურისტული კომპანიებისთვის, რომ საქართველოს შეუძლია ახალი შესაძლებლობებით წარდგეს მათ წინაშე“, - ამბობს „თრეველ ვაიბსის“ წარმომადგენელი მარიამ როჭიკაშვილი.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, წელს 9 თვეში საუდის არაბეთიდან 84 384 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 8.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტების რაოდენობა ამავე პერიოდში 0.6%-ით 12 137-მდე შემცირდა. ხოლო ქუვეითიდან კლება 13.5% იყო და სულ 20 246 ვიზიტი შესრულდა.

2024 წლის ჯამურ სტატისტიკას თუ შევხედავთ, გასულ წელს ვიზიტების რაოდენობა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 4.8%-ით 14 889-მდე შემცირდა. საუდის არაბეთიდან 21%-ით 88 298-მდე, ქუვეითიდან კი 38.9%-ით 27 277-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები