ყავის კაფსულების საწარმო სავარაუდოდ ნოემბერში გაიხსნება, ამჟამად საწარმოს დანადგარებით აჭურვა მიმდინარეობს, რაც 4-5 თვეში დასრულდება,- ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია “კაფსულოს“ დირექტორმა ბეჟან გურგენიძემ განუცხადა. კომპანია პირველ ეტაპზე ყავის კაფსულებს დაამზადებს, რომელიც აპარატებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა სამომავლოდ ყავის სხვა პროდუქტების წარმოებასაც გეგმავს.
"ვამონტაჟებთ უახლესი ტიპის დანადგარებს, რომლებიც გერმანიიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან ჩამოვიტანეთ. ვაპირებთ ორი ტიპის კაფსულის წარმოებას: ევროპული, ე.წ ესპრესოს სტანდარტის და ამერიკული, რომელიც ევროპაში საერთოდ არ არის და განსხვავებული გემოვნური თვისებებითა და სტრუქტურით ხასიათდება.
ყავის ნედლეულს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან შემოვიტანთ, შესაძლოა, აზიიდანაც, ჩვენი თანამშრომლები ამჟამად კოლუმბიაში იმყოფებიან და მარცვლების შერჩევით არიან დაკავებული”, - განაცხადა ბეჟან გურგენიძემ.
პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტზე გაიყიდება. საწარმოს გახსნიდან პირველი წლის განმავლობაში სამი სპეციალიზებული მაღაზიისა და ამდენივე კაფის გახსნა იგეგმება.
„გვექნება საკუთარი გაყიდვის წერტილები, მაღაზიები როგორიც ევროპაში და ამერიკაშია, ასევე მოლაპარაკებებს დავიწყებთ გუდვილთან და კარფურთან, აუცილებლად გვექნება “ონლაინ შოპინგის“ პლატფორმა, ასევე, შესაძლოა, გარკვეული ნომენკლატურის პროდუქციაზე ვითანამშრომლოთ რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან. კიდევ გვექნება ინოვაციური სიახლე გაყიდვების კუთხით, რომლის დამუშავებიც პროცესშიც ახლა ვართ და ქარხნის გახსნამდე ამ პროექტსაც დავასრულებთ. მინდა გითხრათ, რომ პროდუქციასთან ერთად, გაყიდვის ამ ინოვაციური მექანიზმის ექსპორტიც მოხდება, ასევე ვფიქრობთ კაფეების გახსნასაც“, - განაცხადა ბეჟან გურგენიძემ.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საწყის ეტაპზე პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში გეგმავენ. ამჟამად მოლაპარაკებებს უკრაინელებთან და აზერბაიჯანელებთან აწარმოებენ.
შპს "კაფსულო” კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და მასში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. კომპანია პროექტის “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია. თავადაპირველად საწარმოში 40 ადამიანი დასაქმდება, სამომავლოდ მათი რიცხვი 70-მდე გაიზრდება.

























