მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 სექტემბერს "არქი" ახალი პროექტის გაყიდვებს განსაკუთრებულ ფასად იწყებს - ილია წულაია დეტალებზე

არქი
13.09.25 09:30
2755

20 სექტემბერს დეველოპერული კომპანია "არქი" ახალ პროექტს, "გრანდ ავენიუ არქისგან" წარადგენს და ერთი დღის განმავლობაში არსებულ და მომავალ "არქელებს" უძრავ ქონებას განსაკუთრებულ ფასად შესთავაზებს, - ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ილია წულაიამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "არქი" ტრადიციას "გრანდ ავენიუს" შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუმცა ამჯერად უძრავ ქონებას იმაზე იაფად გაყიდის, ვიდრე ეს აქამდე გაუკეთებია, 1.5 წელში კი ბინების ღირებულება, სულ მცირე, 50-60%-ით გაიზრდება.

"ორი შენობის, ორი საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვას ვიწყებთ 20 სექტემბერს. უკვე ვაცხადებთ გაყიდვებსაც და 20-ში იქნება პირველადი, ერთდღიანი გაყიდვა. ანუ ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციას, ოღონდ უფრო მასშტაბურად, იმიტომ რომ უფრო მასშტაბური პროექტია და გვაქვს სპეციალური შეთავაზება პირველი მყიდველებისთვის: ვინც 20 სექტემბერს იყიდის, ისეთ ფასად იყიდის, რომელიც ამ პროექტში აღარ განმეორდება - თან განსაკუთრებით კარგი ფასი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ვინც იქნება 20 სექტემბრის მყიდველი, 1-1.5 წელიწადში უკვე ნახავს, რომ მათი უძრავი ქონების ღირებულება თუ არ გაორმაგდა, მინიმუმ 50-60%-ით გაიზარდა.

ამის ტრადიცია და სტატისტიკით დადასტურებული გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, როცა დიდი ფასდაკლების დღეს ყიდულობს ადამიანი ჩვენთან ბინას, დაახლოებით ერთ წელიწადში ის ბინა 20-25%-ით, ზოგ შემთხვევაში 30%-ით ძვირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მასშტაბურ და კიდევ უფრო დიდ გაძვირებაზე გვაქვს საუბარი. პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, რომ ცოტა კიდევ უფრო დაბალი ფასით დაგვეწყო, გვინდა, რომ ბევრი "არქელი" შემოგვიერთდეს თავიდან, იმიტომ რომ პროექტი მასშტაბურია და გვინდა, რომ პირველი მცხოვრებლები და მყიდველები კიდევ უფრო მოგებიანი ინვესტიციისთვის მოემზადონ", - განაცხადა ილია წულაიამ.

"არქის" დამფუძნებელმა BMG-სთან პროექტის დეტალებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "გრანდ ავენიუს" პროექტს უნიკალურს როგორც მისი მასშტაბები, ასევე დაგეგმარება და რეკრეაციული ზონები ხდის.

"ეს არის უნიკალური, ისეთი პროექტი, როგორც არც "არქის" და არც არავის არ გაუკეთებია ჯერ საქართველოში. იქნება თბილისის ცენტრში ყველაზე დიდი უბანი, რომლის ტერიტორიაც 20 ჰექტარია და გვაქვს ამბიცია, რომ ეს იქნება თბილისის ახალი ცენტრი. მასშტაბითაც უძრავ ქონებაში ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რაც კი საქართველოში ოდესმე დაწყებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ამაყები, რომ ამ პროექტს ჩავუდექით სათავეში.

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ ქალაქის ცენტრშიც კი მას დაბალი განაშენიანება აქვს, კოეფიციენტი დაახლოებით 2-ია, რაც ცენტრისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, ტერიტორიის 75% გამწვანებას და რეკრეაციას დავუთმოთ. [ტერიტორიაზე] ფაქტობრივად, რამდენიმე ხე არის შემორჩენილი, მათი უმეტესობა დაზიანებულია. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გამწვანდება და ლანდშაფტზე ავსტრალიაში ცნობილი დიზაინერი, კომპანია OCULUS-ის ლანდშაფტის არქიტექტორი ბობ ერლი", - განაცხადა ილია წულაიამ.

"არქის" დამფუძნებელი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, რომ პროექტში გათვალისწინებულია ყველა იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც უბნის მობინადრეს შეიძლება დასჭირდეს. საუბარია როგორც გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ ზონებზე, ასევე სამუშაო სივრცეებსა და სპორტულ კომპლექსებზე.

"პროექტში იქნება ყველაფერი, რაც კი შეიძლება იქ მობინადრეს დასჭირდეს, უბნიდან გაუსვლელად: სავაჭრო სივრცეები, კაფე, რესტორნები, საბავშვო ბაღი, სკოლა, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა; შენდება ქალაქში ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი როგორც შიდა სავარჯიშო, ისე დახურული აუზით და სპა ცენტრით. გვექნება ყველაზე დიდი სპორტდარბაზი ქალაქში, უამრავი სპორტული ინფრასტრუქტურა, კალათბურთის და ფეხბურთის სტადიონები, პარკები, პადელის ცენტრი, სადაც ცხრა პადელის კორტი გაკეთება, როგორც ღია ისე დახურული.

ცალკე პარკინგის შენობას ვაშენებთ, რისთვისაც იქ არის ძველი ქარხნის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ გადავაკეთებთ. აქ იქნება კაფეები, რესტორნები და სტარტაპერებისთვის ისეთი ტიპის ოფისი, როგორიც არის საზღვარგარეთ გადაკეთებულ ქარხნებში ხოლმე, სადაც შეიქმნება ახალი ბიზნესები; იქნება ტექნოლოგიური საქმიანი სივრცეები, ე.წ "ქოვორკინგ სფეისები" და სხვა", - განაცხადა ილია წულაიამ. მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მობინადრეს უბნის დატოვება მოუწევს, ამას მარტივად შეძლებს გვირაბით, რომელიც "გრანდ ავენიუს" წერეთლის გამზირთან პირდაპირ დააკავშირებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ილია წულაიას თქმით, $1 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები