მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 წელია [საგზაო ინფრასტრუქტურის] ბიზნესში ვარ... "სახურავი" არასდროს მყოლია - პაატა ტრაპაიძე

პაატა ტრაპაიძე

"ის თანხები, რომელიც გაჟღერდა, ჩემთვისაც გასაოცარია“, - ასე ეხმაურება კომპანია “კავკასუს როუდ ფროჯექტის" მფლობელი და გენდირექტორი ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ წარდგენილ ბრალდებებს, რომელიც კორუფციას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დააკავეს უკვე ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. თავად ირაკლი ქარსელაძის სახლი კი გაჩხრიკეს. გარდა ამისა, ამავე საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ტაბიძე სამსახურებრივი გულგრილობისთვის - მას 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ კორუფციის საკითხებში პასუხის გამცემად ვერ გამოდგება.

„არ მაქვს სრული ინფორმაცია და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი [ამას]... მე ვიცი, მხოლოდ ჩვენი კომპანიის საქმეები და, დაახლოებით, ორ-სამ კომპანიაში რაც ხდება; დანარჩენი - მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხდება, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდში, წყალმომარაგების კომპანიაში და გზების დეპარტამენტში და ა.შ. იქ რა ხდება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ ვერ გეტყვით...", - თქვა მან.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე - როგორ მოქმედებს კორუფცია ბიზნესზე და მთლიანად, ქვეყანაზე, პაატა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მისი კომპანიის საქმიანობა 20 წელია გამჭვირვალეა და არასდროს არავისთან უკანონო გარიგებაში არ შესულა.

- მე ჩემი კომპანიის და ჩემი თანამშრომლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ 20 წელიწადია ამ ბიზნესში ვართ და არცერთი კუთხით, არავისთან არავითარი გარიგება [არ მქონია] და არაერთხელ მითქვამს, რომ ეგრეთ წოდებული „სახურავი“ არ მყოლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამაა - რაც შეიძლება სწრაფად, ხარისხიანად, მაგრამ ადეკვატურ ფასში შევასრულოთ ის დავალება, რომელსაც დამკვეთი გვაძლევს, რომელსაც ჩვენ ტენდერით ვიგებთ...

- მაგრამ თუ შეგიმჩნევიათ, რომ „სახურავი“ სხვა კომპანიებს ჰყავდა?

- მაგას ნამდვილად ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიხედებით და არც არავინ გვახედებს საერთო სამზარეულოში და გარედან არაფერი ჩანს. ახლა, როგორც თემურ ჭყონიამ თქვა და მან ჩემზე მეტი იცის... ის თანხები, რომელიც გაჟღერდა, ჩემთვისაც გასაოცარია, მაგრამ მოდით, ასე მივუდგეთ: იმისათვის რომ ვუმკურნალოთ, აუცილებლად სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ. არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, სახიფათოც კია მკურნალობა. ქირურგიას აქვს თავისი კანონი: „არ ავნო, მაინც“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები