მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მერია იჯარის ხელშეკრულებებს არ გვიგრძელებს" - პანკისში საგანმანათლებლო ცენტრები იხურება

პანკისი

პანკისის ხეობაში მოქმედი საგანმანათლებლო ცენტრები - სოფელ დუისში, ჯოყოლოსა და ქორეთში საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ BM.GE-სთან კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) წარმომადგენელმა, ანა იმედაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ საგრანტო დაფინანსების მკვეთრი შემცირება და ახმეტის მერიის უარი, 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, შენობების იჯარის ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.

„2024 წლიდან, „აგენტების კანონის“ ამოქმედების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მტრული დამოკიდებულება ღიად და ხილულად გაძლიერდა. ჩვენ არ დავრეგისტრირდით ე.წ. აგენტების რეესტრში, რადგან თავს უცხო ქვეყნის აგენტებად არ მივიჩნევთ. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია - წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და განათლებას ვემსახურებოდით და ამ სტატუსს ვერ მივიღებდით“, - აცხადებს იმედაშვილი.

მისი თქმით, ორგანიზაცია პანკისის ხეობაში 2009 წლიდან ოპერირებს, თუმცა თავად ცენტრები 2000 წელს, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მასობრივი შემოსვლის შემდეგ შეიქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში შენობების სარგებლობა უპრობლემოდ ხდებოდა.

"ორ მთავარ ცენტრს დუისსა და ჯოყოლოში, ასევე მცირე სივრცეს ქორეთში, წლების განმავლობაში ვფლობდით იჯარით. თავდაპირველად, მერია ხელშეკრულებების გაგრძელებას აჭიანურებდა, საბოლოოდ კი უარი გვითხრა. ფაქტობრივად, გვართმევენ შენობებს და ამით, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება პროგრამების გაგრძელება", - ამბობს ის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამები პანკისის ხეობის 17 სოფლის მოსახლეობას მოიცავდა – ქისტებს, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს, აჭარელ ეკომიგრანტებსა და ფშავლების თემს. ჯამში, ბენეფიციართა რაოდენობა 6 000-მდე ადამიანს მოიცავს. ცენტრები ასევე თანამშრომლობდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებთან და პერიოდულად, მეზობელ მუნიციპალიტეტებთანაც.

იმედაშვილის განმარტებით, საერთაშორისო დაფინანსების შემცირება კანონმდებლობის ცვლილებებს პირდაპირ უკავშირდება : „2024 წელს, გრანტების შესახებ ახალი რეგულაციები დონორ ორგანიზაციებს დამატებით ნებართვებს ავალდებულებს. შედეგად, დაფინანსება ეტაპობრივად შემცირდა. დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს, დარეგისტრირდები თუ არა რეესტრში – სისტემურად ყველა გზა გადაკეტილია“, – აღნიშნავს ის.

მისივე განმარტებით, ცენტრები სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან, მათ შორის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსთან, გაეროს სააგენტოებთან, ასევე ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ესტონეთის საელჩოებთან. პროგრამები მოიცავდა განათლებას, ახალგაზრდულ აქტივობებს, ქალთა მხარდაჭერას, სოციალური და კულტურული ინიციატივების განხორციელებას.

ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სივრცეები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თემებს შორის ინტეგრაციის პროცესში.

„ხეობა 17 სოფელს აერთიანებს და ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხეობის გარეთ გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ქისტური თემი ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ახლოა ქართულ საზოგადოებასთან, სტერეოტიპები მაინც არსებობს. ჩვენი ცენტრები იყო სივრცე, სადაც ქართველი და ქისტი ახალგაზრდები ერთად მუშაობდნენ და ეს ურთიერთობები ბუნებრივად ყალიბდებოდა“, - ამბობს იმედაშვილი.

რაც შეეხება ახმეტის მერიის პოზიციას, ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი შენობების დაბრუნების მიზეზად სარემონტო სამუშაოებისა და საკუთარი საგანმანათლებლო კურსების განხორციელების გეგმას ასახელებს. იმის გამო, რომ ალტერნატიული ფართი რეგიონში დეფიციტურია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„თუ მუნიციპალიტეტს კურსების ჩატარება სურს, ამისთვის სხვა რესურსიც აქვს. ახმეტაში 120 სოფელია და მუნიციპალური შენობებიც არსებობს. ჩვენ მიერ აღჭურვილი ცენტრების ჩამორთმევა კი სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივ დონეზე არ მიიღება. ეს ცენტრალიზებული პოლიტიკის ნაწილია.

20 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ქრება. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ზარალს ბავშვები, ქალები და სოციალურად მოწყვლადი ოჯახები მიიღებენ. ყოველდღიურად ხორციელდებოდა მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც ახლა შეწყდება“, - აცხადებს იმედაშვილი.

იმედაშვილის შეფასებით, რეგიონში საზოგადოებრივი აქტიურობა შემცირებულია და მოქალაქეები ზეწოლისა და შიშის პირობებში ცხოვრობენ, რაც პრობლემების საჯაროდ გაჟღერებასაც ართულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები