მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 წლის ქართველი სტუდენტი გერმანიიდან - "ბიოტექნოლოგია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგია"

57619aa71249d
BM.GE
15.06.16 22:09
8489
ლუკა კოტრიკაძე გერმანიის Jacobs University Bremen-ის კურსდამთავრებულია. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ლუკამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროფესიად ბიოტექნოლოგია აირჩია. სკოლის დამთავრების შემდეგ გაგზავნილი 12 აპლიკაციიდან დადებითი პასუხი 10-ზე მოვიდა. ამჯერად ლუკა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე გეგმავს და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ელოდება პასუხს. სამომავლო გეგმებზე ლუკა კოტრიკაძე "ბიზნესკონტაქტს" ესაუბრა.

- შენი აზრით, რამდენად განვითარებულია დღეს საქართველოში სამეცნიერო სფერო და რა არის საჭირო მისი მეტად განვითარებისთვის?

ვფიქრობ, რომ დღეს ეს სფეროები სრულ სტაგნაციაშია. ინოვაცია და ტექნოლოგიური პროგრესი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, საზოგადოების განვითარებისთვის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. ქვეყნის ზრდისა და განვითარების გარდა, ამ სფეროების სტაგნაციას ასევე დიდი გავლენა აქვს ინდივიდთა ცხოვრებისეულ გეგმებსა და მიზნებზე. მე პირადად ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც უნდოდათ სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში ან ინჟინერიაში განათლების მიღება და შემდგომ მუშაობა, თუმცა ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ წავიდეს კარგი განათლების მისაღებად. მათ სამწუხაროდ მოუწიათ თავიანთ მიზნებზე უარის თქმა და საქართველოში სხვა, მათთვის ნაკლებად საინტერესო დარგების შესწავლა. ბიზნესის, მენეჯმენტის და ფინანსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა დაუჯერებელია, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ამ დარგებს შეისწავლიდეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეცნიერებისა და ინჟინრების ესეთი დეფიციტია.

- აპირებ თუ არა სამომავლოდ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას თუ საზღვარგარეთ მეტ პერსპექტივას ხედავ?

როგორც უკვე აღვნიშნე, რთულია, ბიოტექნოლოგია საქართველოში არსებულ სფეროდ ჩაითვალოს და სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში არ არის ბევრი ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით კვლევების მაღალ დონეზე ჩატარების ფუფუნება აქვს, რადგანაც ეს საკმაოდ ძვირადღირებული სფეროა. ამის გამო პროფესიონალური გამოცდილების მიღების მხრივ, საზღვარგარეთ უკეთესი პერსპექტივაა. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში, უმეტეს შემთხვევაში, სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და შემდგომ იბეჭდება სამეცნიერო კვლევები. ამითი იხსნება ენობრივი ბარიერი, მარტივი ხდება ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაზიარება და, შესაბამისად, სამეცნიერო ინოვაციებისა და პროგრესის წინ წაწევა. ეს უფრო ფართო კარებს უღებს უცხოელ სტუდენტებსა და მომავალ მეცნიერებს, რომლებსაც ინგლისური ენის შესწავლის შემდეგ შეეძლებათ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განაგრძონ სწავლა. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებას და პროფესიონალური გამოცდილების მიღებას ევროპაში ვაპირებ, თუმცა აუცილებლად ვგეგმავ დაბრუნებას და მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენებას. ცოდნა გაზიარებული უნდა იყოს ადამიანებსა და ინსიტუციებს შორის. არ ვაპირებ, რომ მიღებული გამოცდილება "წყალში ჩავყარო“ იმით, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავს ან მხოლოდ იმ ქვეყანას მოვახმარო, რომელმაც უშუალოდ მომანიჭა ასეთი განათლება და გამოცდილება.

- რა ფორმით მოხდება შენი ჩართულობა თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ზოგადად რა შესაძლებლობებს იძლევა ეს პროექტი?

ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველად შევიტყვე ამ პროექტის წამოწყების შესახებ და თავად მიჭირდა დაჯერება, სანამ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად არ დამტკიცდა ეს საკითხი. ტექნოლოგიურ ინსტიტუტში აშენდება ნაწილაკთა ამაჩქარებელი, საჯაროდ ცნობილი, როგორც "ადრონული კოლაიდერი“, რომელიც ძირითადად ადრონულ თერაპიაში გამოიყენება სიმსივნის დასამარცხებლად. შესაბამისად, ინსტიტუტი მიმზიდველი იქნება არა მხოლოდ ფიზიკოსებისთვის, მათემატიკოსებისა და ინჟინრებისთვის, არამედ ასევე ბიოლოგებისთვის, ქიმიკოსებისა და ბიოინჟინერთათვის, რომლებსაც მოესაურვებათ ამ ინსტიტუტში მაგისტრატურის, დოქტურანტურის, ან პოსტ-დოქტურანტურის გაკეთება. მთლიანად პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ რუქაზე გამოჩნდეს, როგორც ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს მეცნიერული კვლევა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, გავლენა იქონიოს თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების წინსვლაზე.

ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და კვლევით ჯგუფებს ნაშრომების გამოქვეყნებასა და პატენტების დარეგისტრირებაში, რამდენიმე პატენტი შესაძლოა, გადაიქცეს მცირე ან საშუალო ბიზნესად ან კომპანიად, ეს შექმნის ქვეყანაში დადებით ბიზნესგარემოს, შეამცირებს უმუშევრობას და მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. დადებითი ეკონომიკური გავლენის გარდა, ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან ამ სამეცნიერო და საინჟინრო სფეროებით, საშუალება ექნებათ, რომ მონაწილეობა მიიღენ ე. წ. „High-tech research”-ში საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში. თუმცა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პროექტი ჯერ კიდევ საკმაოდ ადრინდელ სტადიაზეა და რთულია დეტალებზე საუბარი.

- რატომ აირჩიე ბიოტექნოლოგია?

არსებობს ჯგუფი, რომელიც ვარაუდობს, რომ ბიოტექნოლოგია იქნება პასუხისმგებელი მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე. ზოგს კი სჯერა, რომ დარგი მხოლოდ გაუმჯებესებას და ალტერნატიული გზების ძიებას ცდილობს და შესაბამისად, ვერასოდეს ჩაანაცვლებს პროდუქტის მოპოვების სტანდარტულ მეთოდებს. სწორედ ეს „დაურწმუნებლობა“ არის წყარო ჩემი აზარტისა და ინტერესისა ამ სფეროს მიმართ. დღესდღეობით მხოლოდ მიხარია, რომ ეს სფერო ავირჩიე, რადგან ჩემთვის თვალსაჩინო გახდა მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

აგრიკულტურაში არსებული მარცვლებისა და მოპოვებული მოსავლის უდიდესი ნაწილი ასევე გენური ინჟინერიის შედეგად არის მოპოვებული. ის რესურსი, რომელიც დედამიწას გააჩნია, საკმარისია მხოლოდ 4 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად. ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქცია ყოველთვის სთავაზობს მომხმარებელს შედარებით მაღალი წარმოების უნარიან პროდუქტს, რომლის მოვლა უფრო ადვილია და რომელიც თანამედროვე მრეწველობის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს.

მინდა შანსი გამოვიყენო და ვთქვა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და არ არსებობს მეცნიერული დასტური, რომ ასეთი ტიპის პროდუქცია კანსეროგენულია - მოსაზრება, რომელიც დღეს საკმაოდ დამკვიდრებულია საზოგადოებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები