დღეიდან აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკრძალვამ მათ სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. „ლანჩ გრუპის“ გენერალური დირექტორი, ნინო მელაძე განმარტავს, რომ კომპანიებს მარაგების სრულად ამოყიდვის შესაძლებლობა არ მიეცათ. მისივე ინფორმაციით, ახალმა რეგულაციებმა უკვე გამოიწვია ადგილობრივი წარმოებების გაჩერებაც.
ბიზნესსექტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ხელისუფლებამ მათი თხოვნა ვადების გადაწევასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. მეწარმეები ითხოვდნენ, რომ რეალიზაციის უფლება ზაფხულის სეზონის ბოლომდე, კერძოდ 1 ივნისამდე ან ივლისამდე გაგრძელებულიყო, რათა დაგროვილი მარაგების ამოყიდვა მოესწროთ.
“მარაგი მიდევს საწყობში, ზარალი ალბათ 200-300 ათასი ლარის თვითღირებულებით პროდუქციაა, რაც მარტო პლასტმასას შეეხება. თუმცა რაც უნდა ჩანაცვლებულიყო ხით, თუ დაპრესილი მუყაოთი ეს დანა-ჩანგალი ან თეფში, იმ მოვალეობას ვერ ასრულებს, რასაც პლასტმასა ასრულებს. ამიტომ მოთხოვნა ბაზარზე ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი რაც ამუშავდა, არის ის რომ პლასტმასის ჩხირი ჩაანაცვლა ხის მოსარევმა ჩხირმა.
სამი კომპანია რომ დაიხურა ზუსტად ვიცი, ვთანამშრომლობდით და ერთმანეთს რეალიზაციაში ვეხმარებოდით. დაიხურა სამი, „აწარმოე საქართველოში“ სესხით დაფუძნებული კომპანია.
არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნები, თუნდაც ვადებთან მიმართებით, ვიცოდი, რომ 1 ივნისამდე გვექნებოდა ვადა რეალიზაციის. პირადად ყველა მინისტრს ვთხოვე, რომ გადაწიეთ ივნისამდე, ივლისამდე მაინც, რომ სეზონზე პროდუქციის რეალიზაცია მოგვეხდინა. ამაში ფული გადავიხადეთ, შემოვიტანეთ და მაინც ისე მოხდა, რომ ივნისამდე გაწოვის საშუალება არ მოგვცეს და ბიზნესისთვის ანგარიში უნდა გაეწიათ,”- ამბობს “ლანჩ გრუპის” გენერალური დირექტორი ნინო მელაძე.



























