მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 დრონი; ლაზერ შოუ; 400 შამპანიური - ქუთაისის ყოფილ პარლამენტში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება ₾515,000 დაჯდება

ქუთაისის პარლამენტი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის ახალი სახელმწიფო შესყიდვა გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 515 008 ლარს შეადგენს, გამარტივებული შესყიდვის წესით შპს „ვანილა ივენთთან“ გაფორმდა.

გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა 2026 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე განხორციელდება. შესყიდვის ძირითად საგანს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების კრეატიული კონცეფციის შემუშავება, ვიდეოწარმოება და შოუ-პროდუქციის სრული ორგანიზება წარმოადგენს.

რა შედის გაფორმებულ კონტრაქტში?

ფასების ცხრილისა და ტექნიკური დავალების მიხედვით, გამოყოფილი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ტექნოლოგიურ და საორგანიზაციო კომპონენტზე ნაწილდება. კერძოდ:

  • დრონების შოუ: ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 200 დრონისგან შემდგარი შოუ, რომელიც 10-15 წუთს გაგრძელდება და 8-10 ვიზუალს გამოსახავს. აღნიშნული კომპონენტი ასევე მოიცავს კონტენტის შექმნას, სატესტო ფრენას, ტექნიკურ პერსონალსა და ლოჯისტიკას, რისთვისაც 100 000 ლარია გათვალისწინებული.
  • ვიდეო გადაღება და წარმოება: ვიდეორგოლების დამზადება, სცენარისა და პოსტპროდაქშენის მომზადება, რაც 90 000 ლარად არის შეფასებული.
  • ტექნიკური აღჭურვილობა და სცენა: ოფიციალური ნაწილისთვის სცენის მოწყობა, მათ შორის LED ეკრანები, გახმოვანებისა და განათების სისტემები.
  • სტუმრების გამასპინძლება (ქეითერინგი): 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი, 400 შამპანიური, შესაბამისი ჭურჭლითა და მომსახურებით, რაზეც 45 000 ლარი იხარჯება.
  • ორგანიზაციული და ლოჯისტიკური ხარჯები: ტექნიკური პერსონალის, დიზაინის, ტრანსპორტირებისა და პროექტის მენეჯმენტის მომსახურება.

ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის და მისი გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციაზე და ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.

ამ მდგომარეობით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციაზე და შიდა რენოვაციაზე შემდეგი კონტრაქტები აქვს გაფორმებული:

  • ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის (საკადასტრო კოდი 03.01.22.741), I და II სართულებზე, სარემონტო-სარეკონსტრუქციო, MEP საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემების და კრეატიული დიზაინის ელემენტების მოწყობის სამუშაოები — 9,308,908 ₾
  • ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები (Design-Build მეთოდით) — 5,791,443 ₾
  • ქუთაისის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ექსპონატები ტრანსპორტირების და მონტაჟის გათვალისწინებით — 2,360,800 ₾
  • ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება-მშენებლობა (Design-Build მეთოდით) — 2,082,979 ₾
  • ქ. ქუთაისში ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა (Design-Build მეთოდით) — 1,597,301 ₾
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისთვის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა — 994,000 ₾.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რამდენ მონაწილეს/სტუდენტს/სტარტაპს მიიღებს/მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ყოველწლიურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები