თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ. კალაძეს არ დაუსახელებია გამარჯვებული კომპანიები.
აუქციონი პროექტის განსახორციელებლად 198 მიწის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს. იჯარის ხანგრძლივობა 10 თვე იქნება.
თითოეულ მისამართზე არანაკლებ 30 კილოვატ საათზე გათვლილი დამტენები უნდა განთავსდეს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ თითოეულ აუქციონში სულ 66 მიწის ნაკვეთი არის გამოტანილი (ჯამში 198 ნაკვეთი), აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფართობი კი 1 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თითოეული აუქციონის საწყისი ფასი 43,560 ლარს შეადგენს, რაც ჯამურად 8.6 მილიონი ლარია.
აუქციონის თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება თითოეულ ლოკაციაზე 1 დამტენი განათავსოს, ხოლო ინვესტორის მოთხოვნით შესაძლებელი იქნება ნაკვეთზე 2 დამტენიც დამონტაჟდეს.
კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ
ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.