მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$200-მილიონიანი პორტფელი და გლობალური ბრენდები - "არქი" და "თიბისი" სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

არქი თიბისი

დეველოპერული სექტორის წარმატება და ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სტაბილურად უჭერს მას მხარს საბანკო ინდუსტრია - ამ მიდგომას ეფუძნება "თიბისისა" და "არქის" 18-წლიანი პარტნიორობა, რომელიც დღეს უკვე $200-მილიონიან პორტფელსა და ისეთ გლობალურ პროექტებს ითვლის, როგორებიც Trump Tower-ი და Grand Avenue-ა.

"თიბისის" სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ნათია სონიშვილმა და "არქი ჯგუფის" თანადამფუძნებელმა ილია წულაიამ თანამშრომლობის გაფართოებულ ფორმატზე, ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნასა და სამომავლო ეკონომიკურ მოლოდინებზე BMG-ის ეთერში ისაუბრეს.

როგორც ნათია სონიშვილი აღნიშნავს, "თიბისისა" და "არქის" პარტნიორობა უკვე 18 წელს ითვლის, რომლის ფარგლებშიც ბანკმა დეველოპერის 15 სხვადასხვა პროექტი დააფინანსა, ხოლო ერთობლივი პორტფელის მოცულობა დღეისათვის დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ კრედიტის გაცემას არ გულისხმობს:

"ჩვენ მხოლოდ დაფინანსებით არ შემოვფარგლებით. გვინდა, რომ მაქსიმალურად ავიღოთ მრჩევლისა და კონსულტაციის ფუნქციაც: ერთად ვმსჯელობთ, ერთად ვავითარებთ და ვფიქრობთ, რა მომენტია სწორი დაწყებისთვის და როგორ უნდა წარიმართოს პროექტი. ამ პროცესში აქტიურად ვიყენებთ "თიბისი კაპიტალის" კვლევებსაც.

"არქისთან" ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს - ეს თანამშრომლობა დაახლოებით 18 წელს ითვლის, საიდანაც ნაბიჯები ერთად გადავდგით. დღეს ჩვენი საერთო პარტნიორობა დაახლოებით 200 მილიონ დოლარს აღწევს, 15 სხვადასხვა პროექტი გვაქვს დაფინანსებული. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის ხელშეწყობა, ისე ნდობა პარტნიორის მიმართ, რომელიც მაღალ სტანდარტებსა და ხარისხზეა ორიენტირებული", - ამბობს ნათია სონიშვილი.

ილია წულაიამ BMG-ის ეთერში ხაზი დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებაში საბანკო სექტორის როლს გაუსვა.

"ბანკების მხარდაჭერა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკები ასე თამამად რომ არ ეხმარებოდნენ დეველოპმენტს, არ ახორციელებდნენ ინვესტიციას და არ ენდობოდნენ სექტორს, ბოლო წლების ეკონომიკური განვითარება ასეთი ტემპით ვერ წარიმართებოდა.

ჩვენ ჩვენი დაპირებების ტყვეობაში ვართ და ამას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. რაზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ ბანკთან თუ მომხმარებლებთან, ის აუცილებლად იმაზე უკეთესად უნდა შევასრულოთ, ვიდრე დაპირებული ვიყავით და უკეთესი ფინანსური შედეგი ვაჩვენოთ. სწორედ ამ პრინციპებზე მუშაობს "არქის" გუნდი", - ამბობს "არქი ჯგუფის" თანადამფუძნებელი.

მისი შეფასებით, სწორედ ამ გაზრდილი პასუხისმგებლობისა და საერთო ხედვის პრაქტიკული გამოხატულებაა ის მასშტაბური ინიციატივები, რომლებსაც "არქი" დედაქალაქში ახორციელებს - საუბარია $2-მილიარდიან პროექტ "დაუნთაუნ თბილისსა" (რომლის მთავარი კომპონენტიც Trump Tower-ია) და "გრანდ ავენიუზე".

""ტრამპ თაუერი" სულ სხვა მასშტაბია საქართველოსთვის. ეს არის "დაუნთაუნ თბილისის" - ახალი უბნის მთავარი შენობა, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვავითარებთ. ეს არის 2-მილიარდდოლარიანი დეველოპმენტის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას რამდენიმე წლით წინ გადასწევს. იქნება "ტრამპ თაუერი", სხვა ბრენდული კოშკები, ლუქს-სასტუმრო, რეზიდენციები და სავაჭრო მოლი საერთაშორისო ბრენდებით, რაც პარკთან იქნება შერწყმული. ფაქტობრივად, შეიქმნება მსგავსი ინფრასტრუქტურა, როგორიც, მაგალითად, დუბაიშია. ეს მთლიანად უძრავი ქონების ბაზარსა და ქვეყნის იმიჯს ახალ საფეხურზე აიყვანს.

"გრანდ ავენიუში" ახალი ბრენდები წარვადგინეთ: დავაანონსეთ 5-ვარსკვლავიანი Hilton-ის მშენებლობა და Wyndham-ის ბრენდული რეზიდენციები. ვაკეთებთ ძველი ვაგონშემკეთებელი ქარხნის განახლებას, სადაც განთავსდება გასტროჰაბი, გასართობი ცენტრები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები. ასევე ეწყობა სპორტული კომპლექსი პადელის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით, დიდი სავარჯიშო დარბაზით, შიდა 25-მეტრიანი და პანორამული Infinity აუზებით. ტერიტორიას 15 ჰექტრამდე გამწვანებული პარკი ექნება. ჩვენ ვქმნით თანამედროვე ურბანულ ცენტრს ნულიდან", - აცხადებს ილია წულაია.

საერთაშორისო ბრენდების შემოსვლასთან დაკავშირებით ნათია სონიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს გლობალურ ნდობაზე.

"საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ნიშნავს ნდობას როგორც პარტნიორის, ისე ქვეყნის მიმართ. ის ფაქტი, რომ თავად Trump-ის ორგანიზაციამ გადაწყვიტა "არქისთან" თანამშრომლობა, ხაზს უსვამს ჯგუფის ძლიერ სტატისტიკას, მაღალ ხარისხსა და მუდმივ განვითარებას", - ამბობს ის.

BMG-ის ეთერში ნათია სონიშვილმა სექტორის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც შეაფასა: მიმდინარე წელს ბაზარზე დაახლოებით 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სონიშვილის თქმით, აღნიშნული ზრდა არა მხოლოდ ფასების მატებით, არამედ ტრანზაქციების რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული, რაც მომხმარებელთა მხრიდან რეალურ მოთხოვნაზე მეტყველებს.

გარდა ამისა, გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად, მიმდინარე წელი სექტორში დაახლოებით 2%-იანი ნაზრდით დასრულდება, ხოლო მომავალ წელს ბანკის მოლოდინით 5-7%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

"უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. "თიბისი ბანკი" მაქსიმალურად უჭერს მხარს მსგავს მასშტაბურ ინიციატივებს და ჩვენ ამ პარტნიორობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ," - განაცხადა ნათია სონიშვილმა BMG-ის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები