მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2000-ლარიანი შემოსავალი არა სტატუსის გაუქმების, არამედ ოჯახის გადამოწმების საფუძველია - მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ გადამოწმებისას სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების შეფასება, კრიტერიუმების ერთობლიობის საფუძველზე მოხდება.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მისი თქმით, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. სარჯველაძის თანახმად, არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის ცოტა.

"მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, რომელსაც 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.

გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2 000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად",- ამბობს მინისტრი.

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დამატებით განმარტა, რომ მხოლოდ შემოსავალი ან ქონება ავტომატურად არ გამოიწვევს სტატუსის გაუქმებას.

"არის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შემოწმების მთელი სისტემა, რომელშიც მონაწილეობს ათეულობით კრიტერიუმი. დაწყებული კომუნალური გადასახადების მოცულობით და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი ზემოქმედებს მთლიან შეფასებაზე. ცალკე აღებული არც ერთი ნივთი, შემოსავალი არ ქმნის მთლიანი შეფასების საფუძველს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება შშმ სტატუსი განაპირობებდეს მაღალ ქულას, ნივთების რაოდენობა, შემოსავალი და ა.შ. 2000-ლარიანი შემოსავალი არის არა ავტომატურად სტატუსის გაუქმების საფუძველი, არამედ ეს არის საფუძველი, რომ გადამოწმდეს ოჯახი. გადამოწმების შედეგად გაირკვევა, ყველა კრიტერიუმის მიხედვით, მთლიანი შეფასება როგორია", - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები