"ევროკავშირის ვალდებულება, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, უცვლელად რჩება", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური EEAS სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - წერს EEAS და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებში გაღებული კონტრიბუციის შესახებ ვიზუალიზაციას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოს უსაფრთხოებას მხარს 2008 წლიდან უჭერს. ამ დროის განმავლობაში, გაიხსნა EUMM-ს სათავო ოფისი თბილისში, რეგიონული ოფისები კი - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიის ფარგლებში, EU-ს წევრი ქვეყნების 200-მდე მოქალაქე მონიტორინგს უწევს ბლოკის საქმიანობას.
ამასთან, 2008 წლიდან დღემდე, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირმა 354 მილიონ ევროზე მეტი გამოყო, მათგან 47 მილიონი ევრო 2023-24 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ EUMM-ს მიზანი საქართველოში ხანგრძლივი სტაბილურობის ხელშეწყობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყოფა და კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობის დალაგებაა.
EEAS-ის ინფორმაციით, 2021-23 წლებში გამოყოფილი 62 მილიონ ევროს ოდენობის დახმარების განხორციელება საქართველოში კვლავ გრძელდება, 2024 წლის დახმარების მიღება კი - დაპაუზებულია.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქვეყნისათვის მოწოდებული აღჭურვილობა მოიცავს:
- სრულად აღჭურვილ ორ სამედიცინო დაწესებულებას
- სამედიცინო აღჭურვილობას გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის
- 42 სატვირთო მანქანა
- 96 ინდივიდუალურ და ჯგუფის დონის 17 საინჟინრო ნაკრებს
- კიბერთავდაცვის წვრთნებსა და სწავლებებს