დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირები ყოველთვიურად თანხას საპენსიო სააგენტოში შეიტანენ. თანხის შეტანის შემდეგ საპენსიო სააგენტო თანხის ინვესტირებას სხვადასხვა მიმართულებით მოახდენს, რაც ბენეფიციარს სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ინვესტირება, შესაძლოა, მოხდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდები, საბანკო დეპოზიტები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ნებისმიერ ინვესტიციას ყოველთვის ახლავს რისკი და ეს ბუნებრივია.
"2008 წელს ამერიკის საპენსიო ფონდებმა დროებით დაკარგეს ფული და შემდეგ აინაზღაურეს. როდესაც ინვესტიცია გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა არის მინიმალური. შესაძლოა, რაღაც პერიოდში შემცირდეს აქტივების ფასები, მაგრამ მომავალში გაიზრდება.
მთავარია, გადაწყვეტილება (საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ) იყოს სწორად მიღებული. ამ პროცესში არ უნდა იყოს დარღვევა და ამას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ნებისმიერი აქტივის ფასი მხოლოდ გაიზრდება. საინვესტიციო საბჭო ამ სახსრებს უნდა მართავდეს ისე, როგორც განახორციელებდა საკუთარი თანხების ინვესტირებას. ეს უნდა ხდებოდეს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
თუ საბაზრო ფაქტორების გამო, რომელიც მუდმივად იქნება, ამ ფონდს ფასი შეეცვალა მოკლევადიან პერიოდში, ეს ნორმალურია, რადგანაც გრძელვადიან პერიოდში ეს გამოსწორდება და ის მოგებას მიიღებს. თუ ეს მოხდა არასაბაზრო ფაქტორების გამო და იყო არასწორი პროცედურები საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობა",- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.
რაც შეეხება ინფლაციის რისკებს, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, რომ ინვესტირება საინვესტიციო საბჭოს მიერ ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ამონაგები იყოს მაქსიმალური.
"ინვესტირების ძირითადი პრინციპი იქნება გრძელვადიან პერიოდში რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტირება უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ ინფლაციის გათვალისწინებით ამონაგები იყოს მაქსიმალური. საპენსიო ფონდი და საინვესტიციო მხარე ვალდებული იქნება, ისე დაგეგმოს ინვესტიცია, რომ რეალური ამონაგები იყოს მაქსიმალური",- ამბობს მესტვირიშვილი.

























