მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2010 წლიდან დღემდე სესხების დოლარიზაცია 73.7%-დან 67%-მდე შემცირდა (ინფოგრაფიკი)

57976a7b48286
თელარა გელანტია
26.07.16 17:43
2233
2010 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის ანუ ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკა გამოაცხადა. მაშინ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იყო გიორგი ქადაგიძე. ლარიზაციის პოლიტიკას აგრძელებს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც.

რამდენად ეფექტიანია დედოლარიზაციის პოლიტიკა და რა შედეგები გვაქვს დღეს?

2010 წლიდან დეპოზიტების დოლარიზაცია ნელი ტემპით, მაგრამ ძირითადად მაინც მცირდებოდა ანუ თუ 2010 წელს დოლარში დეპოზიტების წილი იყო 79%, მიმდინარე წლის ივნისში დეპოზიტებში დოლარიზაციამ შეადგინა 65%.

რაც შეეხება მთლიან სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტს, 2010 წელს ეს მაჩვენებელი იყო 73.7%, მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით კი, დოლარში გაცემული სესხების წილი 67%-ია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე დოლარიზაცია ძირითადად მცირდებოდა. ამასთაბ, მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა ლარი სწრაფი ტემპით უფასურდებოდა, პირველ ოთხ თვეში დოლარიზაციის დონე 70%-მდე გაიზარდა და შემდეგ ისევ კლება დაიწყო.

შედარებით სწრაფი ტემპით მცირდებოდა დოლარიზაციის მაჩვენებელი ფიზიკური პირების სესხებში - 2010 წელს დოლარიზაციის კოეფიციენტი იყო თითქმის 72%, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 56%-მდეა შემცირებული.

ფაქტია, დედოლარიზაცია ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიც ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს. ეს რამდენიმე თვის წინ „ბიზნესკონტაქტში“ სტუმრობის დროსაც თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ასე ფიქრობდა მისი წინამორბედიც.

კობა გვენეტაძემ ისიც აღნიშნა, რომ სებ-ს არ უნდა პირდაპირი მეთოდების და დირექტივების გამოყენება და ამიტომ ცდილობს, ირიბი გზებით მიმართულება მისცეს ფინანსურ აგენტებს. ამაზე გააკეთა აქცენტი კობა გვენეტაძემ „რეზონანსთან“ ინტერვიუშიც, სადაც თქვა, რომ „მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს“.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე - „თუ განიხილება კომერციულ ბანკებში გარკვეული კატეგორიისა და მოცულობის სესხების დოლარში გაცემის შეზღუდვა? რადგან მსგავსი რეკომენდაცია ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც? გვენეტაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

"ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობთ, რომ არაჰეჯირებულ მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან, უცხოურ ვალუტაში სესხის თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ასეთი სახის რეგულაციებს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს - სესხის გარკვეული მოცულობა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. მეორე მხრივ, თუკი ადამიანი ბანკიდან დოლარში სესხს ვერ მიიღებს, შესაძლოა არასაბანკო ორგანიზაციებს მიმართოს და ამან უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთანავე, თუკი შესაძლებელია, რომ დოლარში სესხის აღების მსურველს ირიბი საშუალებებით შევაცვლევინოთ აზრი, სჯობს, ეს მეთოდი გამოვიყენოთ. დიახ, სავალუტო ფონდის მიერ იყო წინადადება, მაგრამ არ ყოფილა დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენსავე ინტერესშია, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც სესხების მოცულობის ზრდას კვალს არ დამჩნევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ყველა დეტალზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ვიდრე სებ-ი, როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, აქტიურად მუშაობს, დედოლარიზაციის შესამცირებლად ერთი ირიბი ინსტრუმენტი უკვე ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 16 ივნისიდან ეროვნული ვალუტით 1 წლამდე ვადიანობით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმად 7% განისაზღვრა, ნაცვლად 10%-ისა. ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, სარეზერვო ნორმა პირიქით - 15%-დან 20%-მდე გაზარდეს. ასევე, 5%-დან 10%-მდე გაიზარდა უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობით მოზიდულ სახსრებზე სავალდებულო სარეზერვო ნორმა.

საინტერესოა, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ სავალდებულო სარეზერვო ნორმა, როგორც ლარში, ისე დოლარში მოზიდულ სახსრებზე თითქმის თანაბარი იყო და 13%-14%-ის ფარგლებში მერყეობდა. შემდეგ წლებში ლარში დარეზერვების ნორმა მცირდებოდა, ხოლო დოლარში მოზიდულ სახსრებზე დარჩა 13%. 2007-2008 წლებში სარეზერვო ნორმები რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ლარში და დოლარში დარეზერვების ნორმები იყო თანაბარი. უკვე 2010 წლიდან, როცა გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის პერიოდში დედოლარიზაციის პოლიტიკა გამოცხადდა, 1 წლამდე მოზიდულ სახსრებზე ლარში დარეზერვების ნორმა იყო 10% და ის არ შეცვლილა 2016 წლამდე. რაც შეეხება დოლარში მოზიდულ თანხებს, 2010 წლიდან სებ-მა სარეზერვო ნორმები გაზარდა 5-დან 10%მდე, შემდეგ 15%-მდე და როგორც ვიცით, 16 ივნისდან ბანკებს უწევთ მოზიდული სახსრების 20% დაარეზერვონ.

ინფორმაციისთვის, - 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, უცხოური ვალუტით 1 წლამდე მოზიდული სახსრების მოცულობა იყო 4 მლრდ 617 მლნ დოლარი, რაც უცხოური ვალუტით მთლიანი მოზიდული სახსრების 75%-ია. რაც შეეხება 1-დან 2 წლამდე მოზიდულ სახსრებს, მისი მოცულობა იყო 666 მლნ დოლარი, რაც 11%-ია.

აღსანიშნავია, რომ აპრილთან შედარებით, როგორც ერთ, ისე ერთიდან ორ წლამდე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მოცულობა შემცირებულია.
ფინანსურ ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის შექმნას ისახავს მიზნად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარში დენომინირებული ბონდების გამოშვება. 2014-2016 წლებში იბიარდის, ეიდიბის, აიეფსის და შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის მიერ უკვე გამოშვებულია 424 მლნ ლარის ღირებულების ობლიგაცია.
რა ეფექტი ექნება სებ-ის ინსტრუმენტებს ლარიზაციაზე, დროში გამოჩნდება. ქართველი ბანკირები მიიჩევენ, რომ მეტი ლარის რესურსის გაჩენა ეროვნულ ვალუტაში სესხებზე ეტაპობრივად გავლენას იქონიებს.

დაველოდოთ, კიდევ რა ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს ეროვნული ბანკი ლარიზაციის დასაჩქარებლად და რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობაც. ცნობილია, რომ ამ საკითხის განხილვა სავალუტო ფონდის მისიასთანაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები