ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ დედობა და ბავშვის დაბადება კომერციული გარიგების საგანი არ უნდა იყოს, ხოლო სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება ქალთა ღირსების, ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვაა.
ამის შესახებ ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუროგაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, დაუშვებელია ისეთი პრაქტიკა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს, ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს.
„ჩვენ ვთვლით, რომ მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები, დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს, ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს“ - აღნიშნა მან.
ლომინაძემ სუროგაციის სფეროსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, საქართველოში სუროგაციის შესახებ კანონი პირველად 1997 წელს მიიღეს, ხოლო პირველი ბავშვი ამ გზით 2007 წელს დაიბადა. ამჟამად ქვეყანაში აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი 26 დაწესებულებაა, სერვისით მოსარგებლეთა უმრავლესობა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა:
„დღეს საქართველოში ამ მომსახურების მიმწოდებელი 26 დაწესებულება არსებობს და უმეტესწილად ამ სერვისით მოსარგებლეები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, [ადგილობრივები] მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენენ. სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს დაახლოებით 13 100-ს. ასევე საყურადღებოა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელში შეადგენდა მხოლოდ 400-მდე ბავშვს, 2026 წლის მონაცემებით კი, ეს რიცხვი თითქმის 3 000-ს უახლოვდება“.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სუროგაციას თან ახლავს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის, ტრეფიკინგისა და ეთიკური ხასიათის რისკები.
მან ყურადღება გაამახვილა იმ შემთხვევებზეც, როდესაც სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვზე ხელშეკრულების ხელმომწერი პირი უარს ამბობს და ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში რჩება.
„სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი, ანუ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. სადღეისოდ სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“ - განაცხადა ლომინაძემ.
შეგახსენებთ: მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
























