„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ პურპროდუქტების წარმოების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაიცა 29 მილიონი ლარის ღირებულების 8 სესხი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ ამ პერიოდში 5.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ნატახტარში მდებარე გაყინული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსი“ დაათვალიერა.
შპს „ფუდ ალიანსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმოს, რომელიც 80-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, 135 დასაქმებული ჰყავს.
პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხდება. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, დანადგარებით და სამაცივრე მოწყობილობებით არის აღჭურვილი; დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - FSSC 22000.

სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აგრარული დარგის განვითარებაში. შედეგად, გაზრდილია წარმოება. ქართული პროდუქცია საკუთარ ადგილს იმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.




























